მესხიშვილის თეატრი 160-ე სეზონს ხურავს. სეზონის ბოლო
სპექტაკლის ჩვენება 22 ივლისს გაიმართება. 19:00 საათზე წარმოდგენა “კუ +კოკინა” დაიწყება.
სპექტაკლის პრემიერა 26 ივნისს გაიმართა. წარმოდგენა ეჟენ იონესკოს პიესის “ორთა ბოდვის” მიხედვით შეიქმნა. რეჟისორები კოტე აბაშიძე და ლევან სვანაძე არიან. სპექტაკლში მსახიობები მარიკა სამანიშვილი და თენგის ჯავახაძე მონაწილეობენ. სპექტაკლი ნებისმიერი ასაკის მაყურებელზეა გათვლილი.
“ადამიანებს საკუთარი თავი თავად მიგვყავს ისეთ აბსურდულ სიტუაციამდე, რომლიდანაც გამოსავალი უკვე აღარ არსებობს. თუ არ გვინდა რომ ეს დაგვემართოს, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთსა და ადამიანურ ურთიერთობებს, თორემ ამის შემდეგ ეს ოჯახიდან პირდაპირ გადადის ქუჩაში და საზოგადოებაში. ჯერ ოჯახში იქმნება კატაკლიზმები, ექსტრემალური სიტუაციები, აბსურდამდე მისული გაუსაძლისობა და ეს მექანიკურად გადადის მთელ ქვეყანაზე,”-განაცხადა სპექტაკლის რეჟისორმა, კოტე აბაშიძემ.