მეექვსე დღეა, რაც გელათის მონასტერი
დაკეტილია. იქ უცხოელი ექსპერტები მუშაობენ. ტერიტორიაზე შესვლა ნებადართული არავისთვისაა, მონასტერში შესვლა არც ტურისტებს შეუძლიათ და არც მედიის წარმომადგენლებს. ტურისტებს მონასტრის დათვალიერება გარე პერიმეტრიდან უწევთ.
“ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, რატომ ბრუნდება ასობით იმედგაცრუებული ადამიანი უკან, რომლებიც მონასტრის სანახავად არის მოსული. საინტერესოა, რატომ არ ჩაატარა სახელმწიფომ წინასწარი სამუშაო იმისათვის, რომ მინიმუმ ტურისტული კომპანიები ყოფილიყვნენ საქმის კურსში და თავიანთი კლიენტები გაეფრთხილებინათ,”-განაცხადა “ევროპა ჩვენი სახლიას” წარმომადგენელმა, თორნიკე ბარათაშვილმა.
უცხოელმა ექსპერტებმა გელათის მონასტერში მუშაობა 23 ივნისს დაიწყეს. ამავე დღეს ტერიტორიაზე შესვლა აიკრძალა. კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება თავად უცხოელმა ექსპერტებმა მიიღეს და მათ მედიასთან კომუნიკაციაზეც უარი თქვეს. მისივე თქმით, შემაჯამებელი ბრიფინგი სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისში გაიმართება, ხოლო საბოლოო დასკვნას ექსპერტები თავიანთი ქვეყნებიდან გამოგზავნიან.
ექსპერტთა ჯგუფი კედლის მხატვრობის დაზიანებისა და სახურავის მოწყობის ხარვეზების დიაგნოსტიკას მოახდენს. გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები და შემუშავდება სამოქმედო გეგმა.