ლ. მესხიშვილის დრამატულ პროფესიულ თეატრში კოტე აბაშიძისა და ლევან სვანაძის სპექტაკლის

,,კუ+კოკინა’’ პრემირა გაიმართა, რომელიც ეჟენ იონესკოს პიესის ,,ორთა ბოდვა’’ მიხედვით დაიდგა. სპექტაკლი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის მარადიულ პრობლემაზე მოგვითხრობს. ოჯახი, სადაც ერთმანეთის დადანაშაულება ხშირია, ხოლო მოსმენა და გაგება იშვიათი. ორივე მხარე საკუთარი აზრის უპირატესობის დამტკიცებას ცდილობს და არც ერთ მათგანს აზრადაც არ მოსდის, რომ სამყარო მეორე ნახევრის თვალითაც დაინახოს – სწორედ ეს არის რეალობა, რომელშიც სპექტაკლის მოქმედი გმირები ცხოვრობენ. ცოლი ქმარს დაჟინებით უმტკიცებს, რომ კუ და ლოკოკინა ერთი და იგივეა, რაზეც ქმარი ჯიუტად ეწინააღმდეგება. განა რაიმე ღირებულზე კამათობენ? განა პრობლემა მართლა კუსა და ლოკოკინაშია? ეს აბსურდული ისტერია ქალისა და მამაკაცის მთლიანობის დარღვევაზე, ნგრევის პირას მისულ ურთიერთობასა და გახლეჩილ ოჯახზე მიუთითებს. სწორედ ამ მთლიანობის დარღვევამ და ერთმანეთის გაგების დეფიციტმა გამოიწვია ის პოლიტიკური კატაკლიზმები, რაც მსოფლიო ავანსცენაზე ხდება და რაც სპექტაკლშია ნახსენები. ერთი ოჯახის პრობლემა მთელი საზოგადოების სახედ იქცევა, რომელიც შემდეგ პოლიტიკურ ელფერს იღებს და არაჯანსაღი პროცესების სათავე ხდება.

 

,,მას შემდეგ რაც უფალმა ადამის ნეკნისგან შექმნა ევა, კაცობრიობის ისტორია ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის ევოლუციაზეა დამყარებული. თუ საყვარელ ადამიანს თვალებში არ უყურე, არ გაიგე რა აწუხებს, არ მოუსმინე, არ გაუფრთხილდი მას, რაც ღმერთმა გაჩუქა, ჯანსაღი ურთიერთობა ვერ შედგება. ასე ხდება ჩვენს სპექტაკლშიც . ჩვენს გმირებს ერთმანეთის არ ესმით, მათ შორის გაჩენილი ბზარები კი გადის გარეთ და პოლიტიკურ მისტერიაში გადადის. სპექტაკლი როგორც პოლიტიკური, ისე საყოფაცხოვრებო ხასიათისაა და აღწერილია ის, რაც თითქმის ყველა ოჯახში ხდება,’’-ამბობს მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სპექტაკლის რეჟისორი კოტე აბაშიძე.

სპექტაკლში მსახიობები: მარიკა სამანიშვილი და თენგიზ ჯავახაძე მონაწილეობდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *