2021 წლის ივლის-აგვისტოში ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში
საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით გამოფენა – “სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი” გაიმართება. საქართველოში პირველად იქნება წარმოდგენილი ანტიკური სამყაროს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელსაც ახ. წ. 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ფერფლით დაფარული ძველი რომის დიდებული ქალაქის პომპეის ისტორია ეწოდება. მას შემდეგ, რაც 1748 წელს პომპეის ისტორიის გაცოცხლება მისი აღმოჩენით დაიწყო, ის, როგორც კარგად შემონახული ქალაქი, ანტიკური კულტურის კვლევის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
2020 წელს, ათწლიანი სამუშაოების შემდეგ, განახლებული ვანის მუზეუმში “სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი” პირველი დროებითი გამოფენა იქნება. მნახველს შესაძლებლობა ექნება იხილოს მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან, მათ შორის ექსპონატები, რომლებიც პირველად ტოვებენ პომპეის.
ამ ქალაქის დიდებული წარსულისა და რომაული სამყაროსთვის დამახასიათებელი ცხოვრების მდიდრული წესის შესახებ მოგვითხრობენ: პომპეის სახელგანთქმული მხატვრობა, წარმოდგენილი კედლის ფრესკებით; მარმარილოს მინიატურული ქანდაკებები, როლებიც პომპეის მდიდრული ვილების ეზოებს ამკობდა; ნატიფი მინის ჭურჭელი; ბრინჯაოს კანდელაბრები, ჭრაქები; რომაული პანთეონის ღვთაებათა და მითოლოგიურ პერსონაჟთა ბრინჯაოს ქანდაკებები ლარარიუმებიდან – ოჯახური სამლოცველოებიდან; საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის თიხის მრავალფეროვანი ჭურჭელი; ვერცხლისა და ბრინჯაოს ჭურჭელი და ფუფუნების საგნები; ოქროს სამკაული. ფერფლით დაფარული, გაქვავებული ძაღლი და ადამიანები, მათ შორის, ერთმანეთზე ჩახუტებული ცნობილი წყვილი, შეგვახსენებენ პომპეის ტრაგიკულ დასასრულს, რითაც ეს ქალაქი ისტორიაში შევიდა.
სიმბოლურია, რომ გამოფენას ვანი მასპინძლობს, რომელიც მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ გაიცნო სწორედ როგორც “ძველი კოლხეთის პომპეი”. Vანი უნე Pომპéი გéორგიენნე ასე ეწოდება ოთარ ლორთქიფანიძის წიგნს, რომელიც 1995 წელს საფრანგეთში გამოიცა. ვანი – ძვ. წ. VIII-I საუკუნეებში კოლხეთის სამეფოს მთავარი რელიგიური ცენტრი – ასევე სასტიკად იქნა განადგურებული, მაგრამ მტრის ხელით. დღეს კი, ისევე როგორც პომპეიში, ვანის ნაქალაქარის ვრცელ ტერიტორიაზე განლაგებულ სატაძრო ქალაქის ნანგრევებს შორის სიარულით შეგიძლია დროში იმოგზაურო, ხოლო განახლებულ მუზეუმში წარმოდგენილი არქეოლოგიური არტეფაქტები ერთად გააცოცხლებენ ანტიკური სამყაროს ამ ორი გამორჩეული ქალაქის დიდებულ წარსულს.
აღნიშნული გამოფენა ორი ქვეყნის ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. 2017-2019 წლებში საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იყო იტალიური რენესანსისა და ბაროკოს, მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული ეტაპების უმნიშვნელოვანესი ავტორების შედევრები: მიქელანჯელო ბუონაროტის, სანდრო ბოტიჩელის, ტიციან ვეჩელიოს, რაფაელ სანციოს, ლორენცო ბერნინის, მიქელანჯელო პისტოლეტოს, ჯორჯო დე კირიკოს და სხვათა ნამუშევრები.
გამოფენის მხარდამჭერია თიბისი, BთU – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.
გამოფენის მედიამხარდამჭერია საქართველოს პირველი არხი.
შაბათს, 12 ივნისს 14:00 საათზე ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო ეწვევა, მას საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე უმასპინძლებს.