საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
მინისტრმა, თეა წულუკიანმა გელათში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. წულუკიანის თქმით, ის არსებულ პროექტსა და დოკუმენტებს გაეცნო და აცხადებს, რომ ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს გელათის რესტავრაციის პროცესში სერიოზული ხარვეზები აქვს დაშვებული. მისივე განმარტებით, პროცესები 2008 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდებოდა, რისი გამოსწორებაც დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული.
“ეს ის ხარვეზებია, რომელთა გამოსწორებაც დაჯდება დიდძალი თანხები. ხუთშაბათს მე მაქვს შეხვედრა პროფესიონალ არქიტექტორ-რესტავრატორებთან. სამწუხაროდ, დარჩენილია არაუმეტეს 12-15 ადამიანისა. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც დეპუტატობისას ვეჭიდებოდი და ვთხოვდი რჩევას. მე მათთან უკვე შევკარი ჯგუფი, რომ ამ შეცდომების იდენტიფიცირება მოხდეს,”-განაცხადა თეა წულუკიანმა “დღის ქრონიკის” ეთერში.
გელათის სამონასტრო კომპლექსი მძიმე მდგომარეობაშია. ტაძარში წყალი ჩადის და ზიანდება ფრესკები. არსებული მდგომარეობის გამოსწორებისა და დროებითი გადახურვის მოწყობის მცდელობის მიუხედავად, პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე