,, ხუთშაბათის კინო თამთა თურმანიძესთან ერთად” – ასე ეწოდება ამერიკული კუთხის პროექტს, რომლის მიზანიც ონლაინ სივრცეში მომხმარებლებისთვის ფილმების შეთავაზება და მათი განხილვა წარმოადგენს.

 

პროექტის იდეა პანდემიის პირობებში გაჩნდა. გამომდინარე იქედან, რომ კოვიდ 19-ის მასშტაბური გავრცელების გამო თითქმის მთელ მსოფლიოში ადამიანური ურთიერთობები შემცირდა, ამერიკულმა კუთხემ ამ დეფიციტის შესავსებად ახალი პროექტი წარმოადგინა. პროექტის ფარგლებში მომხმარებლებს ფილმების ბმული ეგზავნებათ, რომელსაც ყოველ ხუთშაბათს, 8 საათზე, კინომცოდნე თამთა თურმანიძესთან ერთად განიხილავენ. ამერიკული კუთხის ხელმძღვანელი, ინგა ივანეიშვილი ამბობს, რომ პროექტში მონაწილეთა ჩართულობა მაღალია.

,, გვინდოდა შეგვათვაზებინა ისეთი ონლაინ რესურსი, რომელიც ერთის მხრივ საინტერესო იქნებოდა და მეორეს მხრივ, საზოგადოებას ინტელექტუალური ზრდისა და აზრების, ემოციების გაზიარების საშუალებას მისცემდა. ვფიქრობ, პროექტი ამის საუკეთესო საშუალებაა, ” – ამბობს ინგა ივანეიშვილი.

პროექტის ფარგლებში უკვე ორი ფილმი განიხილეს. ფილმების შერჩევა აქტუალური თემატიკისა და ფილმის მხატვრული ღირებულების მიხედვით ხდება. პირველი ფილმები საახალწლო თემას ეხებოდა. როგორც კინომცოდნე თამთა თურმანიძე ამბობს, პროექტის მსმენელები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლები არიან და ფილმებიც მათი გემოვნების შესაბამისად ირჩევა.

,, განვიხილეთ რამდენიმე საახალწლო ფილმი, ვისაუბრეთ რა საერთო აქვთ საახალწლო ფილმებს. რა თქმა უნდა, ახალ წელს ყველა სასწაულს ელოდება და ჩვენ განვიხილავთ როგორაა ეს ფილმებში აღწერილი. შემდეგ ხუთშაბათს სკოლისა და ბავშვის ურთიერთობის თემას შევეხებით. ასევე აუცილებლად გვექნება საუბარი ადამიანის უფლებებზე, ქალთა უფლებებზე და სხვა თემებზე. ეს იძლევა ბიძგს მსჯელობისთვის და ხელს უწყობს მსმენელთა თვალსაწიერის გაფართოებას, ” – ამბობს თამთა თურმანიძე.
მისი თქმით, პროექტში სხვადასხვა ქალაქებიდან არიან ჩართულნი.

ფილმების ჩვენება ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტი უფასოა და ამერიკის საელჩოს მიერ არის მხარდაჭერილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *