14 იანვარი ქართული თეატრის დღეა.
პანდემიის გავრცელებისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო დღეს ქვეყანაში თეატრალური ცხოვრება შეჩერებულია. რეპეტიციები შეჩერდა ქუთაისში არსებულ თეატრებშიც. ამჟამად, მესხიშვილის თეატრში 5, თოჯინების თეატრში 2, ხოლო ოპერისა და ბალეტის თეატრში 1 სპექტაკლია დაკონსერვებული, რომელთა პრემიერაც რეგულაციების მოხსნის შემდეგ შედგება.
,, თეატრი დღეს ისეთვე მდგომარეობაშია, როგორშიც პლანეტა. მესხიშვილის თეატრში ხუთი სპექტაკლი ტექნიკურად და შემოქმედებითად მზადაა. თუ ყველაფერი კარგად წავიდა და რეგულაციები მოიხსნა, პრემიერას ღია სივრცეში მაინც ჩავატარებთ. იმედი გვაქვს, ერთ მშვენიერ დღეს მესხიშვილის შენობაშიც ჩავატარებთ სპექტაკლებს, – აღნიშნა მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, კოტე აბაშიძემ.
,, თითქმის მთელი წელია, შეჩერებული ვართ. ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მძიმედ თეატრალურ ცხოვრებაზე მძიმედ აისახა, ” – ამბობს თოჯინების თეატრის სამსატვრო ხელმძღვანელი, ლევან გაბრიჭიძე.
იგივე მდგომარეობაა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრშიც.
,, ტექნიკურად გამზადებული გვქონდა ბიძინა კვერნაძის სპექტაკლი ,,მერვესა წელს”, რომლის პრემიერაც დეკემბერში იგეგმებოდა, მაგრამ ვერ მოხერხდა. როგორც კი საშუალება მოგვეცემა, აუცილებლად წარვდგებით მაყურებლის წინაშე,” – აღნიშნა ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარმა დირიჟორმა ,რევაზ ჯავახიშვილმა.
ქართული თეატრის დღის აღნიშვნა სათავეს 1850 წლიდან იღებს. სწორედ ამ წელს შედგა გიორგი ერისთავის პიესის,, გაყრის” პრემიერა.