ვანის ახალი არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დასრულდა, ექსპოზიციის ინსტალაცია კი ბოლო ეტაპზეა.
მუზეუმი იმერეთის გუნერნატორმა ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორი გიორგი შენგელიამ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ დაათვალიერეს.
“მუნიციპალური განვითარების ფონდმა შენობის მშენებლობა შარშან დაასრულა. ასევე, პროექტი მოიცავდა აღჭურვის ნაწილს. პანდემიიდან გამომდინარე, სამუშაოები ცოტა ხნით შეჩერდა. შენობა მოიცავს საფონდო სივრცეს, უახლესი საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილ ლაბორატორიას. აქ არის როგორც სამეცნიერო, ასევე ვიზიტორებისათვის საინტერესო სივრცეები. პროექტის საორიენტაციო ღირებულება 15 მილიონი ლარია. ასევე, 4 მილიონი ლარის ფარგლებში მოეწყო მისასვლელი გზები. დარწმუნებული ვარ, რომ პირველ რიგში შიდა ტურიზმის და მომავალში სეთაშორისო ვიზიტორებსაც ვუმასპიმძლებთ,”-განაცხადა გიორგი შენგელიამ.
მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ვანის ახალ მუზეუმში მუდმივ გამოფენაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების და ინსტალაციების გამოყენებით, წარმოდგენილი იქნება ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები, რომლებიც “ოქრომრავალი კოლხეთის” რეალობის ნათელი დასტურია. ამასთანავე პირველად იქნება ნაჩვენები მათი დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა და ძველი კოლხების ცოდნა ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ.
მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.