წყალტუბოში ცნობილი ქართველი კლასიკოსი მწერლის ოტია იოსელიანის ბიუსტი გაიხსნა. ის ქალაქის
ცენტრალურ პარკში განთავსდა. ძეგლის დასამზადებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28321,18 ლარი დაიხარჯა და ტენდერში გამარჯვებულმა “დეკორაციებისა და ქანდაკებების სახლმა” შექმნა. ბიუსტის დადგმის იდეა წყალტუბოს მერს, გრიგოლ იოსელიანს ეკუთვნის. ეს არის პირველი ძეგლი, რომელიც მას მშობლიურ ქალაქში დაუდგეს. ბიუსტის გახსნის ცერემონიალთან დაკავშირებით ლიტერატურული პერფომანსი გაიმართა და მწერლის დაბადებიდან 90 წლის იუბილე სიმბოლურად აღინიშნა.
,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მე ვფიქრობ, რომ არამარტო ჩვენი ოჯახისთვის, მთელი საქართველოსთვის. დღეს ოტია იოსელიანი 90 წლის შესრულდა. ისეთი ენერგიული იყო ვფიქრობდით, რომ ის ამ თარიღს შეხვდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხდა და 9 წელია ჩვენს გვერდით აღარ არის. ძალიან ვემზადებოდით ამ დღისთვის გვინდოდა მასშტაბურად აღგვენიშნა და ღირსეული პატივი მიგვეგო ამ დიდი ქართველისთვის. ეპიდემიის გამო შეიცვალა გეგმები. როგორც მას უყვარდა უბრალოდ აღვნიშნეთ. ” – განაცხადა ოტია იოსელიანის შვილმა მანანა იოსელიანმა.
ღონისძიებას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და თვითმმართველობის პირველი პირები, ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები: ვანო ჯაფარაძე, გიორგი კეკელიძე, გიზო თავაძე, ავთანდილ ყურაშვილი, ელგუჯა თავბერიძე, ზაალ ებანოიძე და მწერლის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
მწერალი ოტია იოსელიანი 1930 წლის 16 ივნისს წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში დაიბადა. გარდაიცვალა 2011 წლის 14 ივლისს. დაკრძალულია სოფელ გვიშტიბში, საკუთარი სახლის ეზოში, მწერლის ანდერძის თანახმად.