ქუთაისის ოპერის თეატრში რეპეტიციების განახლებას 16 ივნისიდან გეგმავენ. ჯანდაცვის სამინისტრომ კულტურული
ღონისძიებების ჩასატარებლად რეკომენდაციები უკვე გამოსცა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ირინე ლომინაძის თქმით, სპექტაკლების გამართვას ამ რეკომენდაციებით ვერ შეძლებენ, რადგან გუნდი და ორკესტრი მრავალრიცხოვანია და მათი ერთად თავმოყრა ერთ სივრცეში რეკომენდაციების მიხედვით აკრძალულია.
,,რეკომენდაციები ძალიან ძნელი დასაცავია საოპერო თეატრისთვის. რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ შეიძლება ერთ მოქმედებად გაუშვათ სპექტაკლი, მაგრამ სამ და ოთხმოქმედებიან სპექტაკლს ერთ მოქმედებაში ვერ გავუშვებთ. რკომენდაციებით შეიძლება დავიწყოთ რეპეტიციები. 27 დეკემბერს ვგეგმავთ პრემიერას ბიძინა კვერნაძის ,,იყო მერვესა წელსა”. შეიძლება 10-10 კაცი რომ შემოვიყვანოთ . საბოლოოდ, ალბათ ვისწავლით სპექტაკლს და როცა მოგვცემენ გამართვის უფლებას წარვადგენთ.”- განაცხადა ირინე ლომინაძემ.
კორონავისურის გამო ქუთაისის ოპერის თეატრი მაყურებელს დისტანციური კონცერტების სერიას სთავაზობს.
რეკომენდაციების მიხედვით, სპექტაკლების, კონცერტების და სხვა სახის ღონისძიებების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს. ამასთან, თეატრალური წარმოდგენა უნდა ჩატარდეს ერთ მოქმედებად ანტრაქტის გარეშე. შიდა სივრცეში ადმინისტრაციებმა 5 მ2-ზე 1 ადამიანის დაშვება უნდა უზრუნველყონ და სივრცე ისე უნდა მონიშნონ, რომ არ მოხდეს ადამიანების კონცენტრაცია.