ქუთაისში რიონისპირა სახლებს რეაბილიტაციის პროექტის მესამე ნაწილის სამუშაოები სრულდება.
როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” არქიტექტორმა გივი გოგრიჭიანმა განუცხადა, პროექტზე მუშაობა 5 ეტაპად მიმდინარეობს. მოსახლეობასთან შეხვედრები კი მარტში დაიწყება.
,,პროექტი ხუთი ეტაპისგან შედგება. მეხუთე ეტაპია მშენებლობა. წინა ოთხი ეტაპიდან მესამე ეტაპს ვამთავრებთ. საერთოდ რა უნდა გაკეთდეს და განხორციელდეს ეს საკითხი სრულდება. დიდი მასალა იყოს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დიდი დრო დასჭირდა ობიექტების განსახილველად, ამიტომ გაჭიანურდა პროცესი. მეოთხე ეტაპი მუშა ნახაზების დამუშავებაა, რომელიც შეთანხმებებს არ საჭიროებს. შემდეგ მოსახლეობასთან იქნება განხილვა. ეს პროცესი მარტიდან დაიწყება.”- განაცხადა გივი გოგრიჭიანმა.
მისივე თქმით,პირველ რიგში შენობების ფასადების და საფეხმავლო ქუჩის მოწყობა დაიწყება, მეორე ეტაპზე ისტორიული შენობების საკითხი იქნება და ბოლო ეტაპი ალბათ საფეხმავლო ხიდის საკითხი იქნება. პროექტში არ იყო, მაგრამ განიხილეს არსებული ხიდების რეაბილიტაციაც.
პროექტით გათვალისწინებულია მდინარე რიონის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე “თეთრი ხიდიდან” ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ჩათვლით არსებული განაშენიანების რეაბილიტაცია-ადაპტაცია-რეგენერაცია (მარჯვენა სანაპიროზე 17 სახლი და მარცხენა სანაპიროზე 24 სახლი.
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30მარტის N3/133 ბრძანებით მდინარე რიონის ორივე ნაპირს “წითელი ხიდიდან” “ჯაჭვის ხიდამდე”, ქალაქგეგმარებით სანაპიროს გაშენებას (საცხოვრებელი სტრუქტურა) მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.