ქალაქი ვანი ანტიკურ იერსახეს მიიღებს. ამის შესახებ რადიო ,,ძველ ქალაქთან საუბრისას
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა განაცხადა.
,,უნდა შეიცვალოს აუცილებლად ქალაქის იერსახე. ეს იქნება დაახლოებით 5 მილიონიანი პროექტი. პროექტირება მთავრდება. ვანს აქვს ანტიკური ქალაქის სტატუსი. დაწყებულია მუშაობა პროექტებზე და პროექტიც იქნება შესაბამისი, დაიწყება იმის განხორციელება.”- განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.
თუ პროექტი წელს დაიწყება, ქალაქი ვანისათვის ანტიკური იერსახის შექმნას დაახლოებით სამი წელი დასჭირდება.
ანტიკურ ხანაში ვანი იყო ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავებას მიაღწია ძვ. წ. III-I სს-ში. ვანში ქალაქური ტიპის დასახლება განვითარდა იმ უძველეს დასახლებათა საფუძველზე, რომელთა ნაშთები ახლა მრავლადაა ფიქსირებული ვანსა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე (კეჭინარა, ციხესულორი, გორა, ბაგინეთი, ინაშაური, სულორი, ძულუხი, ბუღნარა, ბზვანი), აგრეთვე მის აღმოსავლეთითაც (ფერსათი, ზეკარი, ბაღდათი).
ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული, ჯერჯერობით უძველესი არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება და კერამიკული ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი.