საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ქუთაისის ოპერის თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერა
“ტრავიატას” მორიგი წარმოდგენა გაიმართა.
სპექტაკლში ბათუმის ოპერის თეატრის სოლისტი, ევროპის სხვადასხვა თეატრებში მოღვაწე ტენორი ირაკლი კახიძე მონაწილეობდა. მან ალფრედის პარტია შეასრულა.
,,გილოცავთ ქუთაისის ოპერის თეატრის 50 წლის იუბილეს. ეს არის ტრადიციული თეატრი, სადაც ჩემი საყვარელი მომღერლები მღეროდნენ. როცა პატარა ვიყავი ვიდე თუ აუდიო ჩანაწერებით, ფირფიტებზე ვუსმენდი და ყოველთვის ვიხიბლებოდი იმიტომ, რომ მართლაც შესანიშნავი მომღერლები იყვნენ. ქუთაისში პუბლიკა ყოველთვის კარგი მომღერლებით იყო განებივრებული. აქ პირველად არ ვარ. ალბათ 5 თუ 6 წლის წინ ვიმღერე ,,ტრავიატაში. გამოვყოფდი აუცილებლად ჩემს უსაყვარლეს მაყურებელს, რომლებიც ქუთაისში არიან. ისინი ძალიან თბილები არიან”.- აღნიშნა ირაკლი კახიძემ.
მასთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობას მიიღეს ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტებმა: მარიკა მაჩიტიძე (ვიოლეტა), ბაკურ კვირიკაშვილმა (ჟერმონი), ფერიდე ჯინჯიხაძემ (ფლორა), იაგო ბუხრიკიძემ (გასტონი),მარიეტა მაჩალაძემ (ანინა),კალისტრატე ხარჩილავამ (ბარონი),ემილ ჩარგაზიამ (მარკიზი), გიორგი ხაჭაპურიძემ (ექიმი), თეატრის გუნდმა, ორკესტრმა და ქორეოგრაფიულმა დასმა.
დირიჟორი იყო ლევან ჯაგაევი.
კონცერტმაისტერები: მედეა კობახიძე, ცისანა კაიშაური, ნათია მაისურაძე, მეგი ჭანტურია. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – ირინე ლომინაძე.
27 დეკემბერს კი ქუთაისის ოპერის თეატრი 50-ე, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ოპერის მოყვარულებს ,,დაისის” პრემიერას შესთავაზებს.