ქუთაისელი რეჟისორის მიშა ჩარკვიანის სპექტაკლი “ჰეკაბე” თეატრალური

პრემია “დურუჯის” გამარჯვებული გახდა. ნამუშევარმა პრემია საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაში მოიპოვა. დაჯილდოვების ცერემონიალს გერმანიაში ყოფნის გამო ვერ დაესწრო მიშა ჩარკვნიანი. რეჟისორი სამადლობელ სიტყვაში, რომელიც მსახიობმა ინგა კაკიაშვილმა წაიკითხა, ამბობს, რომ მან ეს გამარჯვება შვილმოკლულ მამას, ზაზა სარალიძეს მიუძღვნა.

“ამ გამარჯვებას მივუძღვნი ზაზა სარალიძეს, კაცს, რომელმაც შთამაგონა რომ დამედგა ეს სპექტაკლი, რომელმაც ვერ იპოვა სამართალი, ფარდები ჩამოაფარა და სახლში ზის, უდიდეს დეპრესიას ებრძვის. ამ გამარჯვებას ვუძღვნი მის ნატანჯ, დაღლილ ცხოვრებას, რომელიც ასეთი წარმატებით დავივიწყეთ ყველამ და მისით ცოტა დაღლილები სასწრაფოდ გავურბივართ თუკი რომელიმე არხზე მოვკრავთ თვალს. ამ გამარჯვებას ვუძღვნი მომპალ სისტემას, უამრავი უსამართლობის მთესველს, რომელმაც მოსპო ეს კაცი, მერე მისი სტიგმატიზაციაც არ დაიზარა და ახლა მშვიდად ელოდება მის საბოლოო განადგურებას. ამ გამარჯვებას ვუძღვნი საზოგადოებას, სოლიდარობის შეგრძნება რომ არ გაგვაჩნია და ადამიანებს სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში მარტოს ვტოვებთ, ამ გამარჯვებას ვუძღვნი ყველა შვილმოკლულ მშობელს, რომელმაც ისე როგორც ჰეკაბემ, სამართალი ვერ იპოვა,”-წერს მიშა ჩარკვიანი.

“ჰეკაბე” თეატრალურ პრემიაზე ასევე წარდგენილი იყო კატეგორიებში: საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – “ახალი ხედვა” და საუკეთესო მუსიკა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *