ხარაგაულის, რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იზა ვეფხვაძის საავტორო ლიტერატურული სპექტაკლი ,,საქართველოს შიშველი სატევარი” წარადგინა. სპექტაკლი მერაბ კოსტავას ეძღვნება.
,,წელს გახლავთ საიუბილეო წელი. 80 წლის იუბილეა. ამიტომ თეატრმა საქართველოს ყველა უნივერსიტეტში გადაწყვიტა, რომ ეს სპექტაკლი აჩვენოს. სპექტაკლი 4-5 წლის წინ დაიდგა და 100-ზე მეტჯერ გვაქვს უკვე ნაჩვენები. ლიტერატურული თეატრი ამზადებს სპექტაკლებს დიდებულ ადამიანებზე, რომლებმაც დიდებული კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში.დღემდე ვთვლი, რომ მერაბ კოსტავა არის ერთ-ერთი ღირსეული ქართველი, საქართველოს ერონული გმირი, მართლაც საქართველოს შიშველი სატევარი, რომელიც არანაირ წინააღმდეგობას არ შეუშინდა და შეეწირა კიდეც სამშობლოს სიყვარულს”.- განაცხადა იზა ვეფხვაძემ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, ლუკა დვალიშვილის თქმით, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან ცოდნის მიღება წიგნთან ერთად შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებითაც აუცილებელია.
,,სხვადასხვა ღონისძიებებს ვთავაზობთ ჩვენს სტუდენტებს. ხარაგაულის სახალხო თეატრმა ძალიან კარგი მონო-სპექტაკლი წარმოადგინა. ქალბატონი იზა ვეფხვაძე გამორჩეულია ლიტერატურულ-კულტურულ-საზოგადოებრივი მოღვაწეობით. ის არის მაგალითი სხვებისათვის, თუ როგორ შეიძლება ემსახურო ქართულ საქმეს და რეგიონებს.”- განაცხადა ლუკა დვალიშვილმა.
ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი სპექტაკლს ,,საქართველოს შიშველი სატევარი” ქუთაისის შემდეგ გორსა და ახალციხეში ჩაიტანს.