პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში
მიიღებს მონაწილეობას. ის კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილეა.
როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” ქართველი მუსიკოსის, ელისო ბოლქვაძის ფონდიდან აცნობეს, კონცერტი 5 დეკემბერს, ექსკლუზიუად მარსელ დასოს სასახლეში, პარიზში, შანზ ელიზეზე გაიმართება. მასში სხვადასხვა ქვეყნიდან საერთაშორისო ფონდ “SOS Talents”-ის რვა სტიპენდიანტი მიიღებს მონაწილეობას.
გალა კონცერტში ცნობილი ქართველი პიანისტის – ელისო ბოლქვაძის ინიციატივით და ხელშეწყობით, 4 ახალგაზრდა ქართველი ნიჭიერი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას: ილია ლომთათიძე, ბარბარე თათარაძე, ბარბარე ჩხაიძე და ლიზა მეგრელიშვილი.
ყოველ წელს შანზ ელიზეს მე-17 საუკუნის სასახლე და მისი მფლობელი მეცენატების ოჯახი – ექსკლუზიურად ფონდის ტალანტების გალა კონცერტს მასპინძლობს. საფრანგეთის საბრძოლო ავიაციის დამფუძნებლის – ლეგენდარული მარსელ დასოს ოჯახი – სერჟ და ნიკოლ დასოები მუსიკის სიყვარულით გამოირჩევიან და წელსაც კონცერტზე ტრადიციულად ევროპულ მაღალ საზოგადოებას მიიღებენ. დასოების ოჯახი საფრანგეთში ფლობს საავიციო რაფალებს, ასევე გაზეთ “ფიგარო”.
ფონდი “SOS Talents” 2000 წელს საერთაშორისო ცნობილმა ფრანგმა მუსიკოსმა და მეთოდოლოგმა – მიშელ სონიმ დაარსა. მისი ძირითადი მიზანია, ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების ხელშეწყობა და მათი საერთაშორისო სცენაზე წარმოჩენა, მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა მუსიკალური კრეატიულობისა და წარმოსახვის განვითარება.
საქართველოდან ფონდისთვის მუსიკალური ტალანტების აღმოჩენა პიანისტის და იუნესკოს პირველი ქართველი არტისტის – ელისო ბოლქვაძის ძალისხმევით ხდება.
ფონდის მიერ შერჩეული ბავშვები, სკოლის პროგრამის პარალელურად, დამატებით ითვისებენ მიშელ სონის მიერ შექმნილ სპეციალურ მეთოდიკას, რომელიც მათ აძლევს საშუალებას მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად განავითარონ ტექნიკური თუ მუსიკალური შესაძლებლობები.