ქუთაისის ოპერის თეატრში ,,დაისს” თორნიკე მარჯანიშვილი დადგამს. დრამის რეჟისორი
და ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორი საოპერო სპექტაკლზე პირველად მუშაობს. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას განაცხადა საოპერო სპექტაკლზე მუშაობა მისი დიდი ხნის სურვილი იყო.
,,ფაქტიურად 40 წელია სპექტაკლებს ვდგამ და ეს პირველი შემთხვევაა.დრამატულ თეატრში ,,შერეკლიებზე” ვმუშაობდი. შემდეგ აქ, ოპერის თეატრში დაიწყო ამ სპექტაკლის აღდგენა და მაშინაც მქონდა სურვილი, მაგრამ ისე ჩაიარა ამ ყველაფერმა, რომ აქ სხვა საქმეები იყო და ვერ მოხერხდა. ახლა უცებ, სიურპრიზივით მითხრა ქალბატონმა ირინემ, ჩვენმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ,,დაისის” განახლებული ვარიანტის დადგმა გვინდა და თუ დადგამ შენ, როგორც რეჟისორი. ამაზე უარს როგორ ვეტყოდი, როცა რამდენიმე წლის სურვილი იყო. ვღელავ და მე თავად მაინტერესებს როგორი გამოვა.”- განაცხადა თორნიკე მარჯანიშვილმა.
ზაქარია ფალიაშვილის “დაისის” გასაახლებლად 30 ათასი დაიხარჯება. სპექტაკლის განახლება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
განახლებულ ,,დაისს” ოპერის მოყვარულები 27 დეკემბერს, თეატრის 50-ე იუბილეზე იხილავენ.
ქუთაისის ოპერის თეატრში მიმდინარე წელს კიდევ ერთი სპექტაკლი, ,,ქეთო და კოტე”, განაახლეს.