ჯორჯ ბალანჩინის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი ქუთაისში მესამედ ჩატარდება.
წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, ქუთაისი როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუმრებს უმასპინძლებს. ფესტივალში მონაწილეობას ევროპისა და საქართველოს საბალეტო სკოლების მოსწავლეები მიიღებენ. ქუთაისი მსოფლიო დონის ვარსკვლავების ყურადღების ცენტრში მოექცევა. ფესტივალის ჟიურის თავჯდომარე ამსტერდამის საბალეტო აკადემიის რექტორი ჟან ივ ესკერი იქნება. ჟიურის შემადგენლობაშია ესტონეთის საბალეტო სკოლის ქორეოგრაფი და დამსახურებული არტისტი იოჰან ვერსტურსი, ვაშინგტონის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ვლადიმერ ჯულუხაძე და მაკა მახარაძე.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქალაქის ცნობადობის ამაღლებაა. როგორც ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი ამბობს, გასულ წლებში ფესტივალმა ეს პროცესი გაააქტიურა. ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ქუთაისი სწორედ ის ქალაქია, რომელიც ბალანჩინის ფესტივალს უნდა მასპინძლობდეს. რევაზ ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ ფესტივალი უკვე რესპექტაბელურია, რაც პროფესიონალმა სტუმრებმაც განაპირობა.
“თუ სადმე უნდა არსებობდეს ეს ფესტივალი, ეს ქუთაისი უნდა იყოს. ფესტივალი უკვე რესპექტაბელურია. ეს განაპირობა სტუმრებისა და მასპინძლების პროფესიონალიზმმა. ფესტივალის მნიშვნელობა ბევრი მიმართულებით შეიძლება განვიხილოთ, მათ შორის ერთ-ერთი ქალაქის ცნობადობის ამაღლებაა. ბალანჩინი დღეს მთელ მსოფლიოში ბრენდია, ის ყველამ იცის, მაგრამ ყველამ არ იცის ქუთაისი. ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ფესტივალის მეშვეობით ქუთაისიც ბევრმა იცოდეს,”-ამბობს რევაზ ჯავახიშვილი.
ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორის აზრით, ფესტივალმა შემოქმედებითი პროცესების გააქტიურების მოტივაცია გააჩნია. ჯავახიშვილი იმედოვნებს, რომ თეატრში, რომელიც წელს ბალანჩინის ფესტივალს მასპინძლობს, საბალეტო დადგმა ცოცხალი შესრულებით განხორციელდება, რისთვისაც ფესტივალმა ნიადაგი უკვე მოამზადა.
ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის – სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი ზეინაბ ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ გასული ორი წლის განმავლობაში ბალანჩინის ფესტივალმა ბევრი საბალეტო ხელოვნებით ბევრი ახალგაზრდა დააინტერესა და მივიწყებული მიმართულება გააცოცხლა.
“ბალეტის მიმართულება ჩვენს ქალაქში უკვე მივიწყებული იყო. ამ წლების განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ქალაქში ბალეტის ძალიან ბევრი მოყვარულია და ბალეტის შემსწავლელთა რაოდენობა სტუდიებში იზრდება. არადა, წლების განმავლობაში ამ მიმართულებით სწავლის მსურველი არ ჰყოლია ქუთაისს. საბალეტო ხელოვნების მიმართულება ქუთაისში გეზს იღებს,”-განაცხადა ზეინაბ ბურჯანაძემ.
ფესტივალს მხარს ქუთაისის მერიაც უჭერს. მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ელეონორა გოგოლაშვილი ამბობს, რომ თვითმმართველობამ ფესტივალს მხარდაჭერა რამდენიმე მიზეზის გამო გამოუცხადა. მისი განმარტებით, ქუთაისის ცნობადობა იზრდება, ბალეტის მიმართულება ქალაქში ვითარდება და ადგილობრივ ხელოვანებს საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენის შესაძლებლობა ეძლევათ.
ფესტივალი 1-ლ ნოემბერს გაიხსნება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მისი სახე მსოფლიო ბალეტის ქართველი ვარსკვლავი ირმა ნიორაძეა. ჯორჯ ბალანჩინის საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძეა.