“არ გასასვლელი” – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელის პრემიერაც აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. სტუდენტურმა დასმა “ლიბერტა” ჟან პოლ სარტრის “ცხრაკლიტულის” მიხედვით დადგმული ერთმოქმედებიანი პიესა წარმოადგენს. ეს ეგზისტენციალიზმის სიმბოლოს ასახავს, რომელშიც სამი პერსონაჟი განუწყვეტლივ იბრძვის იმისთვის, რომ თავი დააღწიოს არსებულ სიტუაციას, მაგრამ ხვდებიან, ჯოჯოხეთში იმიტომ არიან ერთად, რომ მიხვდნენ, მათ კამათს დასრულება არ უწერია.
მონაწილეობდნენ: ვახო ბოჭორიშვილი, ნინა მიქიაშვილი, მაიკო თოდუა, თათა მამრიკიშვილი, გიორგი სულაბერიძე, მირანდა დვალიშვილი, გვანცა გოგიბერიძე და ანუკა ნუცუბიძე. სპექტაკლზე დასმა ერთი წელი იმუშავა.
“დავდგით სპექტაკლი ჟან პოლ სარტრის “ცხრაკლიტულის” მიხედვით. დავარქვით “არ გასასვლელი”. ეს სპექტაკლი ეხება ცოდვებს. ჩვენი სტუდენტური დასი “ლიბერტა” თავისი შესაძლებლობებით წარმოადგენს ამ სპექტაკლს შინაარსობრივად გააზრებულად. ერთი წელი ვმუშაობდით ამ სპექტაკლზე. სანამ არ მოხდა გააზრება, მანამდე არ გადავდგით ნაბიჯი, რომ პრემიერა მოგვეწყო.” – განაცხადა რეჟისორმა თამარ საღინაძემ.
სპექტაკლი იმით იყო განსაკუთრებული, რომ მაყურებელს საშუალება ჰქონდა ენახა როგორ იდგმება სპექტაკლი, როგორ მუშაობს რეჟისორი და როგორია პროცესი მანამ, სანამ ფარდა მაყურებლისთვის გაიხსნება.
“ამ სპექტაკლში მე რეჟისორს ვითამაშებ. როგორია შიდა სამზარეულო, როგორ იდგმება სპექტაკლი ამას მაყურებელი თავისი თვალით ნახავს. ბავშვები არაპროფესიონალები არია, მაგრამ მინდა დავუმტკიცო მაყურებელს რამდენად პროფესიონალები გახდნენ ისინი ორ წელიწადში. ამ სპექტაკლში მთავარი როლი უნდა მეთამაშა 15 წლის წინ, მაგრამ ვერ მოხერხდა, ამიტომ ამ სპექტაკლს მე დღეს სტუდენტებს ვჩუქნი.” – ამბობს რეჟისორი თამარ საღინაძე.
ნინა მიქიაშვილმა სპექტაკლში ის როლი მოირგო, რომელიც რეჟისორს 15 წლის წინ უნდა ეთამაშა. ახალგაზრდა მსახიობი ამბობს, რომ სცენაზე ყოფნა დიდი პასუხისმგებლობაა, როლი საპასუხისმგებლო.
“მნიშვნელოვანი დღეა ემოციების, გრძნობებისა და აზროვნების მხრივ. იდგე სცენაზე, მაყურებლისგან თუნდაც 1 სანტიმეტრით მაინც მაღლა, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ამ პიესაში სამი უმთავრესი გმირია. სიტუაცია ჯოჯოხეთში მიმდინარეობს და ზოგადად ეს ფილოსოფია ითვალისწინებს ეგზისტენციალიზმს, ყოფიერებას და ისეთ თემებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ინე სერანო, ჟოზე გარსენი და ესტელ რიკო განსხვავებული ცოდვების გამო მოხვდებიან ჯოჯოხეთში. მე ინე სერანოს ვითამაშე. სარტის ხედვა არის ის, რომ ჯოჯოხეთი არ არის მაინცდამაინც კუპრის ქვაბი, ეს არის ადამიანური ურთიერთობა და ადამიანები ისჯებიან სამუდამოდ ერთად ყოფნით.”- ამბობს მსახიობი ნინა მიქიაშვილი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური დასის რეჟისორის თქმით, ამ სპექტაკლს სავარაუდოდ უნივერსიტეტის კედლებს გარეთ მალე გაიტანენ. “არ გასასვლელს” წელს მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალის მაყურებელი იხილავს.