მწერალ გურამ დოჩანაშვილს ქუთაისის საპატიო
მოქალაქის წოდება მიანიჭეს. მწერალი დღეს ქუთაისში უნდა ჩამოსულიყო და “გვირილობის” დღესასწაული უნდა გაეხსნა. ასევე დაგეგმილი იყო მწერალთან შეხვედრა ოპერის თეატრში.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გურამ დოჩანაშვილმა ქუთაისში ჩამოსვლა ვერ შეძლო. არსებული ინფორმაციით, მწერალტან შეხვედრა სექტემბრისათვის გადაიდო.
წელს ქართველი კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი 80 წლის გახდა. ის 1939 წელს თბილისში დაიბადა. პოპულარობა პირველივე მოთხრობების გამოქვეყნებისთანავე მოიპოვა. მწერალს ყველაზე დიდი აღიარება კი, რომანმა “სამოსელი პირველი” მოუტანა.
გურამ დოჩანაშვილი ახლაც მუშაობს ნაწარმოებზე “ბრმადყოფილზე და…”. სამ წიგნად შექმნილი მხატვრული ნაწარმოების მესამე ნაწილი სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოვა.
დღესვე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ქუთაისის მაჟორიტარ დიმიტრი მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარიასთან ერთად, როგორც ღვაწლმოსილ, ასევე საპატიო ქუთაისელებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.