ქუთაისში 8 მარტთან დაკავშირებით მსვლელობა მოეწყო, რომელიც გამორჩეული ქუთაისელი ქალების მემორიალური დაფის გახსნით დასრულდა.
მსვლელობა ქუთაისის ოპერის თეატრიდან დაიწყო და საბოლოოდ მესამე სკოლის, ყოფილი გიმნაზიის შენობის წინ გადაინაცვლა. 5-მა სპიკერმა ქალმა 5 გამოჩენილი ქალის ისტორია მოუთხრო მსმენელს, რომელთა შორის არიან ვერიკო ანჯაფარიძე, ოლია ოკუჯავა, მინადორა ორჯონიკიძე და ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე.
“წარვადგინე ქრისტინე (ჩიტო) შარაშენიძე. ვფიქრობ, რომ ის იყო ერთ-ერთი პროგრესულად მოაზროვნე ქალი იმ ქალბატონებს შორის, რომლებიც ერთი საუკუნის წინ სათავეში უდგნენ ფემინისტურ მოძრაობას. ქრისტინე შარაშენიძე იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოს წევრი. ფაქტობრივად, ის ყველა საზოგადოებრივ აქციაში იყო ჩართული და ჰქონდა ძალიან პროგრესული მიზნები და მოსაზრებები,”-განაცხადა ჟურნალისტმა თათა კაჭკაჭიშვილმა.
მესამე სკოლის წინ, ახლადგახსნილ მემორიალურ დაფაზე 15 გამოჩენილი ქალის სახელი და გვარია დატანილი. ესენი არიან: ვერიკო ანჯაფარიძე, ანა კალანდაძე, თამარ წერეთელი, მინადორა ორჯონიკიძე, ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე, მარიამ ყაუხჩიშვილი, კატო მიქელაძე, ვარინკა მაჭავარიანი-წერეთელი, ნინო ტყეშელაშვილი, გოგუცა კუპრაშვილი, თამარ ბოლქვაძე, ფატი გოკიელი, თამარ გოკიელი, ოლია ოკუჯავა, მერი დავითაშვილი.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი შეუერთდნენ.
“მინდა, ყველა ქალბატონს მივულოცო დღევანდელი დღე. ვუსურვო წარმატება და გაძლიერება, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის უკეთესს მომავალს. ამ ქალბატონებს ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,”-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.