“კულტურის პალატის” თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა საკრებულოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტისა და 8 მარტს დაგეგმილი კონცერტის შესახებ განმარტება
კიდევ ერთხელ გააკეთა. ოქიტაშვილმა ბრიფინგი “მედიარუმში” მოაწყო. როგორც “კულტურის პალატის” თავმჯდომარე ამბობს, სხდომაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სპექტაკლი დადგა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” საკრებულოს სხდომაზე სპექტაკლი დადგა და მოსახლეობას განუცხადა, რომ ოქიტაშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. მინდა, შუშანია ტყუილში ვამხილო. ის არის არასწორი. ეს ქარხანა აუქციონზე სამი წლის განმავლობაში 24-ჯერ იქნა გატანილი. არ გამოჩნდა მყიდველი. ხელშეკრულებაში წერია, რომ ქარხანა 2 წლით უსასყიდლოდ გადმოგვეცემა მხოლოდ იმ პირობით, რომ ჩვენ იქ უნდა ჩავატაროთ კონცერტები. მიმდებარე ტერიტორია ჭაობად იყო ქცეული, მოვაწესრიგეთ გავასუფთავეთ, ვგეგმავთ გზის მოწყობასაც,”-განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.
8 მარტს კონცერტს ქუთაისის რეზიდენტი ორი დიჯეი გახსნის. კონცერტზე სტეფანე და გერმანიიდან მოწვეული დიჯეი გამოვლენ. როგორც ოქიტაშვილი ამბობს, ქუთაისელ ახალგაზრდებს მათი მოსმენის საშუალება უნდა ჰქონდეთ.
“ღონისძიებას ქუთაისის რეზიდენტი ორი დიჯეი გახსნის, ჩვენ ასე მოვილაპარაკეთ და ხელშეკრულებაში ყველას ვუდებ, რომ ქუთაისელმა უნდა დაიწყოს და დახუროს ღონისძიება. მინდა, ამ ქალაქს ჩემი გამოცდილება ვაჩუქო. მხოლოდ თბილისი და ბათუმი არ არის საქართველო,”-ამბობს ოქიტაშვილი.
რაც შეეხება შენობის მდგრადობას, ოქიტაშვილის განმარტებით, შენობა ყოველი კონცერტის წინ მოწმდებოდა.