მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის №1 სამუსიკო
სკოლა100 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კონცერტი გაიმართა, სადაც შეასრულეს ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ცნობილი ნაწარმოებები. საღამოზე მოქმედ პედაგოგებთან ერთად მოწვეულნი იყვნენ ის ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომელთაც წლების განმავლობაში განსაკუთრებული კვალი დატოვეს სკოლის შემოქმედებით ცხოვრებაში.
სამუსიკო სკოლის ისტორია ქუთაისში მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო. 1918 წელს პეტერბურგიდან მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა ცნობილმა მუსიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ , მელიტონ ბალანჩივაძემ გადაწყვიტა გაეხსნა სამუსიკო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა პროფესიონალი მუსიკოსების აღზრდა. სახელგანთქმულმა კომპოზიტორმა მეგობრების : ზ. ფალიაშვილის, დ. არაყიშვილის, ზ. ჩხიკვაძის და ი . კარგარეთელის დახმარებით მიიღო ნებართვა,რომ ქუთაისში სამუსიკო სკოლა-სასწავლებლ დაეარსებინა. სამუსიკო სკოლა ოფიციალურად 1919 წლის 2 თებერვალს გაიხსნა, ხოლო 1921 წლიდან იგი აიყვანეს სახელმწიფო ბიუჯეტზე. სკოლა-სასწავლებლის პირველ დირექტორად მელიტონ ბალანჩივაძე დაინიშნა. მას შემდეგ ცნობილი კომპოზიტორის მიერ დაარსებულ პირველ მუსიკალურ კერას ფუნქციონირება არასოდეს შეუწყვიტავს. პირველ სამუსიკო სკოლას 100 წლის განმავლობაში არაერთი ნიჭიერი და ცნობილი მუსიკოსი აღუზრდია, რომელთაც სკოლის და ქალაქის სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანეს.