მესხიშვილის თეატრი 2019 წელს საქართველოს საზღვრებს გარეთ საგასტროლო გეოგრაფიის შექმნას იწყებს.
ამის შესახებ თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა განაცხადა. თეატრალური დასი სპექტაკლების წარდგენას ბელგრადში, ვილნიუსში, კაუნასსა და ბაქოში გეგმავს. თეატრს შემოთავაზებები აქვს იტალიიდან და ავსტრიიდან.
“თეატრს, რომელიც არ დადის საგასტროლოდ და რომელიც არ სცდება მის კედლებს, არ აქვს დიდი შემოქმედებითი პოტენციალი, დიდი მომავალი. 2019 წელს ბევრი გასვლაა დაგეგმილი. რამდენიმე ქალაქში სტუმრობა უკვე გადაწყვეტილია და ბილეთები შეძენილია, “-განაცხადა სულხან გოგოლაშვილმა.
სიახლეა პროგრამაშიც. იგეგმება რამდენიმე სპექტაკლის პრემიერა. მაყურებელი ევრიპიდეს “ჰეკაბეს” იხილავს. თეატრი მუშაობას იწყებს საბავშვო სპექტაკლებზეც, რომელთა შორისაა “წუნა და წრუწუნა”, “მერი პოპინსი”, “ბრემენელი მუსიკოსები”.
“ბავშვები ჩვენი პოტენციური მაყურებლები არიან. მათ უნდა შევთავაზოთ საბავშვო სპექტაკლები. ისინი უნდა გაზარდო ამ სპექტაკლებზე, რომ მათი გემოვნება ჩამოყალიბდეს,”-ამბობს სულხან გოგოლაშვილი.
მესხიშვილის თეატრისადმი ინტერესი უცხოელმა რეჟისორებმაც გამოხატეს. სცენაზე პიესის დადგმის სურვილი ერთ-ერთმა ცნობილმა ფრანგმა რეჟისორმა გამოთქვა. მის მიერ შერჩეული პიესა უახლოეს მომავალში ითარგმნება და განსახილველად თეატრის ხელმძღვანელობას გადაეგზავნება. თეატრში პიესების წარმოდგენით დაინტერესებული არიან საზოგადოებისათვის უცნობი რეჟისორებიც.
“არის შემოთავაზება, რომ ფრანგმა რეჟისორმა დადგას ფრანგული პიესა. თუ ეს იდეა განხორციელდა, სპექტაკლის საფრანგეთში აუცილებლად გავიტანთ. პირადად ფრანგმა რეჟისორმა დაგვირეკა საფრანგეთიდან, რომელიც მუშაობს პარიზში ცნობილ მსახიობებთან. რამდენიმე ვარიანტი აქვს და მათგან ერთ-ერთს შეარჩევს. ცოტა ხანში ითარგმნება და გადმოიგზავნება პიესა საქართველოში,”-განაცხადა სულხან გოგოლაშვილმა.
მესხიშვილის თეატრისადმი მაყურებლის ინტერესი ყოველ წელს იზრდება. წინა წელთან შედარებით, თეატრის სალაროდან ბილეთების გაყიდვის მაჩვენებელი 55%-ით გაიზარდა.
ფოტო: მესხიშვილის თეატრის ოფიციალური გვერდი