მუნიციპალური განვითარების ფონდი
ქუთაისში რიონისპირა სახლების გარდა, დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეის რეაბილიტაციის დაწყებას აანონსებს.
“გალერეა ისტორიული ძეგლია. ერთ ერთი ვიზიტის დროს მოვინახულეთ ის. იმ უბანთან კავშირშია, რომლის განახლებასაც ვგეგმავთ. გარკვეული სამუშაოები უკვე განხორცილებულია. ცენტრალური უბანი განახლებულია, მაგრამ საბოლოო ჯამში რაც ჩვენ გვინდა განვახორციელოთ გალერეას ჩათვლით, კრავს დიდ მარშრუტს და არ მოგბეზრდება ქუთაისში სეირნობა. გალერეაში უნიკალური ექსპონატებია, მათ შორის ფიროსმანის, ახვლედიანის, კაკაბაძის ნამუშევრები.” – განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ “ტვ პირველის ” ეთერში საუბრისას.
დავით კაკაბაძისსახვითი ხელოვნების გალერეის რეაბილიტაციის დაწყების შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმაც განაცხადა.პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოები 2019 წელს დაიწყება.
გალერეა 1976 წელს დაარსდა და მასში დაცულია ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. გალერეის ოქროს ფონდში 3000-მდე, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 18 ექსპონატი ინახება: ნიკო ფიროსმანის, ელენე ახვლედიანის, გიგო გაბაშვილის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის და სხვათა ფერწერული თუ სკულპტურული ნამუშევრები.