გალერეა “ვარლა”-მ მესხიშვილის თეატრის დირექტორის, სულხან გოგოლაშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა.

დამთვალიერებელმა მსახიობის 80 ნამუშევარი იხილა. როგორც სულხან გოგოლაშვილი აცხადებს, წარმოდგენილი ფოტოსურათები 200-ზე მეტ ნამუშევარს შორის შეირჩა. სწორედ ამ სელექციის შემდეგ შეურჩია ავტორმა გამოფენას სათაური “Gumbo“.

“ეს არის ახალ ორლეანური სუპი. კვირიდან კვირამდე გროვდება მორჩენილი საჭმელები და შემდეგ კვირა დღეს იხარშება. ანუ, ჩემი გამოფენაც მრავალფეროვანია. მე ვამბობ, რომ წარმოვადგინე როგორც სტრიტი, პორტრეტი, გეომეტრია. ისინი ერთმანეთში ავურიე,”-განაცხადა სულხან გოგოლაშვილმა.

ფოტოები გადაღებულია თბილისში, ქუთაისში, უმეტესი ნაწილი კი მესხიშვილის თეატრში. ნამუშევრები ძველი მეთოდითაა შექმნილი, გადაღებულია ფირით.

ავტორის ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევარი პატარა ბიჭუნას ფოტოა, რომელსაც სახელად “თავისუფლება” შეურჩია.

“როგორც კი ბიჭუნას მშობლებმა ხელი გაუშვეს და მარტო დატოვეს, ბიჭუნამ სიხარულისგან იკივლა. მას “თავისუფლება” დავარქვი. ფოტო სრულიად მოუმზადებლად გადავიღე,”-განაცხადა ავტორმა.

თვლის თუ არა სულხან გოგოლაშვილი თავს პროფესიონალ ფოტოგრაფად- კითხვაზე გამოფენის ავტორი ასე გვპასუხობს: “არსებობდა ასეთი ფილოსოფოსი, როლან ბარტი, რომელიც ამბობდა, რომ ფოტოგრაფები ორ ნაწილად იყოფიან: პროფესიონალები და ფოტომოყვარულები, მათ შორის არანაირი სხვაობა არ არის, გარდა იმისა, რომ პროფესიონალები ფულზე მუშაობენ, ხოლო არაპროფესიონალები ამას აკეთებით მონდომებითა და სიყვარულით.”


გამოფენაზე სულხან გოგოლაშვილმა ბოლო 9 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინა.

ფოტოების დათვალიერება 5 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *