ფოტოკონკურს “ილოს” მიზანს ნიჭიერი
ფოტოგრაფების გამოვლენა და ქუთაისში ფოტოხელოვნების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
“ამ კონკურსის კიდევ ერთი მიზანი იმ ქუთაისური განსაკუთრებული ხასიათის, სითბოსა და სიყვარულის შენარჩუნება და ფირზე აღბეჭდვა წარმოადგენს, რომლის სახეც ილო ხახიაშვილი იყო.” – აცხადებენ ორგანიზატორები.
ძირითადი კონკურსის პარალელურად არის რუბრიკა, რომელიც უშუალოდ ქუთაისს ეხება. ამ რუბრიკის ფოტოებით გახდა შესაძლებელი ფოტოალბომის “ქუთაისი: გუშინ, დღეს, ხვალ” გამოცება. წელს ამ რუბრიკას “ჩემი ქუთაისი” ეწოდება, რომელშიც მონაწილეებმა უნდა ასახონ თავისი სუბიექტური დამოკიდებულება ამ ქალაქის მიმართ, მისი კოლორიტი, არქიტექტურა, სული, ადამიანები და ხასიათი! აღნიშნულ რუბრიკის სურათები განთავსდება ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების გვერდზე სოციალურ ქსელ ფეისბუკში, სადაც ასევე განთავსდება ინფორმაცია ქუთაისში არსებული ძველი ისტორიული შენობების შესახებ.
ძირითადი ფოტოკონკურსის თემა ტრადიციულად თავისუფალია და მასში გამარჯვებულებს პროფესიული ჟიური გამოავლენს. I, II და III ადგილებზე გასულ კონკურსანტებს ფულად ჯილდოებთან ერთად გადაეცემათ ილოს გამოსახულებიანი მინიატურული ქანდაკებები.
ილო ხახიაშვილი ქუთაისელი ფოტოგრაფი და მთელი ქალაქის საყვარელი კოლორიტი იყო. მისი ფოტოატელიე ათწლეულების განმავლობაში ქუთაისელების ცხოვრების ნამდვილ მატიანეს წარმოადგენდა. თითქმის მთელი ქალაქი მასთან მიდიოდა სურათის გადასაღებად – პასპორტისთვის, სტუდბილეთისთვის, პროფკავშირული მოწმობისთვის და ა.შ. დღეს თითქმის ყველა ქუთაისელის საოჯახო ალბომში ინახება მასთან გადაღებული სურათები.
“წელს “ილოს” დასკვნითი გამოფენისთვის ვფიქრობთ შევაგროვოთ ილოს ფოტოატელიეში გადაღებული სურათები და მათი ექსპოზიცია მოვაწყოთ საკონკურსო ფოტოებთან ერთად.”- აცხადებენ ორგანიზატორები.
კონკურსის პრეზენტაცია დღეს 18 საათზე გაიმართება.