ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის
სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 50-ე თეატრალურ სეზონს პრემიერით გახსნის. ოპერისა და ბალეტის თეატრმა პიეტრო მასკანის შედევრი, ერთმოქმედებიანი ოპერის “სოფლის ღირსება” აღადგინა.
სპექტაკლის განახლებაზე დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა, რეჟისორმა მაია გაჩეჩილაძემ, მხატვარ-შემსრულებელმა ირაკლი სვანიძემ (სპექტაკლის დამდგმელი მხატვრის – თემურ არსენიძის სცენოგრაფიის მიხედვით) იმუშავეს.
მასში მონაწილეობას მიიღებენ თეატრის სოლისტები – ფერიდე ჯინჯიხაძე (სანტუცა), ბადრი ადამია (ტურიდუ), ელენე ჯანჯალია (ლუჩია, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი), ბაკურ კვირიკაშვილი (ალფიო), ნუცა ზაქაიძე (ლოლა), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი – ნათია გოგუაძე) და ორკესტრი. ოპერის მოყვარულები 2009 წლის დადგმის აღდგენილ-განახლებულ ვერსიას იხილავენ.
“სოფლის ღირსება” 14 სექტმბერს 19 საათზე დაიწყება.
სპექტაკლის აღდგენა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.