სამტრედიის #12 საჯარო სკოლას კულტურული
მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 1870 წელს კავკასიის სარკინიგზო ტრანსპორტის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, სამტრედიაში აშენდა საორთქმავლო დეპო და საერთო საცხოვრებელი მუშა-მოსამსახურეებისთვის. ჩამოსახლებული ოჯახის ბავშვებისთვის საჭირო გახდა სკოლის დაარსება. 1894 წ. გაიხსნა სკოლა, რომელმაც პირველი მოსწავლეები ამავე წლის 2 ოქტომბერს მიიღო.
1933 წელს სკოლა ქალთა საშუალო სკოლად გადაკეთდა.
სკოლის ორსართულიანი შენობა ნაგებია აგურით. დგას ნათალი ქვის ცოკოლზე, რომელშიც სავენტილაციო ღიობია მოთავსებული. მთავარი ფასადი სიმეტრიულია, დაყოფილია სამ ნაწილად-მარჯვენა ნაწილში განთავსებულია პორტიკი (პირველი სართული) და აივანი (მეორე სართული). შენობის შუა ნაწილის ორივე სართული დანაწევრებულია ხუთ-ხუთი ფანჯრით, თითოეული ფანჯრის თავზე ზღუდარია გაკეთებული, ხოლო ქვემოთ ჰორიზონტალურად ჩაწეული სიბრტყე. მარცხენა მხარე, ცენტრალურ ნაწილთან შედარებით, რიზალიტის სახით ოდნავ გამოწეულია, მის პირველ სართულზე გვიან პერიოდში ვიწრო, მაღალი კარია გაჭრილი. ფასადის ზედა ნაწილში, როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ გეომეტრიული ფორმებით დეკორირებული მოცულობაა.
პორტიკის კედლები დანაწევრებულია ჰორიზონტალური ზოლებით, ისევე როგორც ფანჯრებს შუა არსებული არეები. პორტიკიდან შევდივართ კიბის უჯრედში, მეორე სართულზე კიბის უჯრედიდან გავდივართ პორტიკის თავზე არსებულ აივანზე, აივნის დეკორირებული ცხაური რკინა-ბეტონითაა გაკეთებული.
სკოლის გვერდითა ფასადი ყრუ არის, მოგვიანებით მის ქვედა მარცხენა ნაწილში გაჭრილია ფანჯარა. უკანა მხარე წინა ფასადის მსგავსად დანაწევრებულია ფანჯრებითა და ჰორიზონტალური ზოლებით. შენობას შემოუყვება მარტივად პროფილირებული ლავგარდანი. ნაგებობა გადახურულია თუნუქით.
შენობაში განთავსებულია ოთხი საკლასო ოთახი, ორი პირველ სართულზე, ორი-მეორე სართულზე. სკოლაში შემორჩენილია გეომეტრიული, შავ-თეთრი ორნამენტით გაფორმებული მეტლახით მოშანდაკებული ძველი იატაკი და კედლის ღუმელი, ღუმელის ზედა ნაწილი დეკორირებულია.
მოგვიანო პერიოდში სკოლას უკანა მხრიდან პირველი სართულის დონეზე მიადგეს ბლოკით ნაგები მინაშენი. ასევე გვიანი ხანისაა სკოლის მარჯვნივ მიშენებული სამსართულიანი ნაგებობა, რომელიც ჩვენს მიერ აღწერილ სკოლას აკავშირებს მარჯვნივ მდებარე ორსართულიან ძველ შენობასთან. ეს ორივე ნაგებობა (სამსართულიანი და ორსართულიანი ძველი შენობა) სკოლის ფუნქციას ასრულებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შენობას აქვს ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, ფასადების მორთულობა, პორტიკი, აივნის დეკორირებული ცხაური, თანადროული გეგმარება, რკინა-ბეტონის აჟურული აივანი, რომელიც ამ ტექნიკის გამოყენების ერთ-ერთი ადრეული მაგალითია. სკოლა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობათა რიცხვს 21 ივნისს სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით შეუერთდა.