მიმდინარე წლის 13 აპრილს ქუთაისის ოპერის თეატრი
ოპერის მოყვარულებს კიდევ ერთ საჩუქარს გაუკეთებს. სპექტაკლზე მისულები ჯუზეპე ვერდის შედევრს “რიგოლეტო” განახლებული შემადგენლობით იხილავენ.
რიგოლეტოს როლს ევროპის საოპერო თეატრებში წარმატებით მოღვაწე ბარიტონი გოჩა აბულაძე მოირგებს. აღსანიშნავია, რომ ის მშობლიურ ქალაქში საოპერო სპექტაკლს პირველად ითამაშებს.
“მეგობრებო, 13 აპრილს ჩემს ქალაქში, ჩემთვის ყველაზე ძვირფას ქუთაისში, ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმღერებ ვერდის რიგოლეტოს. ეს ჩემი პირველი სპეკტაკლია აქ, სადაც გავიზარდე და სიმღერის დიდი სიყვარულით დავაადდი…
ყველას გეპატიჟებით და გელით მოუთმენლად”- წერს გოჩა აბულაძე სოციალურ ქსელში თავის პირად გვერდზე.
სპარაფუჩილეს როლში დებიუტი ექნება იტალიაში მოღვაწე ბანს აკაკი იოსელიანს. “ჩემი დებიუტი სპარაფუჩილეს როლში. გელით, ჩემო მეგობრებო, ვერდის საოცარ სამყაროში, ჩემს საოცარ კოლეგებთან ერთად.”- წერს ასევე სოციალურ ქსელში პირად გვერდზე აკაკი იოსელიანი.
მათთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი მარიკა მაჩიტიძე და ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები: ბადრი ადამია (მანტუას ჰერცოგი), ნინო ზაქაიძე (მადალენა), ინგა ფუტკარაძე (ჯოვანა), ბაკურ კვირიკაშვილი (გრაფი მონტერონე), ემილ ჩარგაზია (მარულო), იაგო ბუხრიკიძე (ბორსა), გიორგი ხაჭაპურიძე (გრაფი ჩეპრანო), ფერიდე ჯინჯიხაძე (გრაფინია ჩეპრანო), მარიეტა მაჩალაძე (პაჟი),ბელა მაჭავარიანი (მასხარა) მიიღებენ მონაწილეობას. დამდგმელი დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი.
“რიგოლეტოს” პრემიერა გასულ წელს 27 დეკემბერს გაიმართა. სპექტაკლის დადგმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
“რიგოლეტო” ქუთაისის ოპერის თეატრში 13 აპრილს, 18 საათზე დაიწყება.
რადიო “ძველი ქალაქი” ექსკლუზიურ ინტერვიუებს შემოგთავაზებთ.