ჯორჯ ბალანჩინის II საერთაშორისო
ფესტივალზე ჟიურის შემადგენლობაში ლა სკალას საბალეტო სკოლის დირექტორი ანა მარია პრინა იქნება.
“წელს მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, ჟიურის წევრებს ლა სკალას საბალეტო სკოლის დირექტორი ანა მარია პრინა შეემატება”, – აცხადებს ფესტივალის დამაარსებელი ნატალი პატარიძე.
ანა მარია პრინა ლა სკალას საბალეტო სკოლის დირექტორის თანამდებობას 1974 წლიდან იკავებს. იგი არის კლასიკური ცეკვის ორი წიგნის ავტორი. ანა მარია პრინამ დადგა ცეკვები: “Andrea Chenier”, “Anacreon”, “ფიგაროს ქორწინება”, “ფოლსტაფი”, “მონა ლიზა” და სხვა.
ჯორჯ ბალანჩინის II საერთაშორისო ფესტივალი 2018 წლის 2-4 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება.
ფესტივალი პირველად გასულ წელს გაიმართა ქუთაისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში. ფესტივალი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საბალეტო სოლისტები მონაწილეობდნენ იტალიიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ფესტივალის სპეციალური სტუმრები იყვნენ მსოფლიო ბალეტის ქართველი ვარსკვლავი ირმა ნიორაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი მაკა მახარაძე და გაეროს წარმომადგენელი ახალგაზრდულ საკითხებში ანა ლეჟავა.
ფესტივალი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ტარდება.