ქუთაისში კიდევ ერთი ლიტერატურული
ჟურნალი “აფინაჟი” გამოვიდა. მისი მთავარი დევიზია: ,,ხელოვნება, როგორც მეცნიერებისა და ლიტერატურის სინთეზი”. ჟურნალის მთვარი რედაქტორი ლევან გოგაბერიშვილია.
” ბოლო 4 თვე ამ პროექტის განხორციელებაზე ვფიქრობდი. დღეს საქართველოში ჟურნალ-გაზეთების ნაკლებობას არ განიცდის საზოგადოება, თუმცა ჟურნალი, რომელიც მეცნიერულ-ლიტერატურულ ტექსტებს გააერთიანებს, მეცნიერებსა და ლიტერატორებს დააკავშირებს, დააკავშირებს ნიჭიერ ახალგაზრდებსა და გამოცდილ, ცნობილ მწერლებსა და მეცნიერებს, – რამდენიმე თუ მოიძებნება.”- ამბობს ჟურნალის მთავარი რედაქტორი ლევან გოგაბერიშვილი.
ჟურნალზე სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესების მქონე ადამიანები მუშაობენ. მეტაფიზიკოსი ფილოსოფოსი თორნიკე ფახურიძე, ისტორიკოსი დავით კაკაურიძე, მხატვარი ელგუჯა ბერიშილი, მათემატიკოსი და პოეტი ირაკლი ჯაფარიძე,პოსტმოდერნისტი ფილოსოფოსი შოთა ზივზივაძე, ფილოსოფოსი გივი მეფარიშვილი, მოჭადრაკე ლადო ჯაფარიძე, აღმოსავლეთმცოდნე შოთა ტოგონიძე, მოჭადრაკე ფრიდონ, ეკონომისტი გიორგი გურგენიძე, ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი ნოდარ თუთბერიძე, ეკოლოგი ირაკლი გოგაბერიშვილი, იურისტი და პოეტი ბექა ფოცხვერია.
“კოლეგიის საპატიო წევრებს წარდგენა არ სჭირდებათ, თითოეული თქვენგანი იცნობთ ამ ადამიანებს: თეიმურაზ ლანჩავა, რობერტ გოლეთიანი, ავთანდილ ნიკოლეიშვილი, ოთარ ჭუმბურიძე, რენიკო საკანდელიძე, იზოლდა რუსაძე, ირმა ქურასბედიანი, ბადრი ინაშაური (სვანაძე), ჯონი გოგაბერიშვილი, გია ხოფერია, დემურ მიქაძე. მე მათ მადლობას ვუხდი გვერდით დგომისათვის! ასევე, მადლობას ვუხდი ქალაქ ქუთაისის მერიას და ბატონ გიორგი ჭიღვარიას მხარდაჭერისათვის.”- ამბობს ლევან გოგაბერიშვილი.
“ყველაფერი ოდესღაც დაიწყო. ჩვენი ჟურნალი პირველ ნაბიჯებს დგამს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი პროცესებიც ჯანსაღად გაგრძელდება. აზრთა სხვადასხვაობით შევქმნით საინტერესო ფონს და ჭეშმარიტების ძიების ფარგლებს კიდევ უფრო გავაფართოვებთ. რადგან გონება არ ემორჩილება ფაქტობრივ გარემოებებს, ჩვენ უარვყოფთ ფაქტის მნიშვნელობას და მივილტვით ინტერპრეტაციისაკენ, რაც ყოველ ნაბიჯზე გვაძლევინებს დაბრკოლებებს. ჟურნალი ,,აფინაჟი” დიდ ისტორიას დაწერს. ” – ამბობს რედკოლეგიის წევრი თორნიკე ფახურიძე.
ისტორიკოს დავით კაკაურიძის განცხადებით, რომელიც ასევე რედკოლეგიის წევრია, ამ ჟურნალში ერთიანდება კლასიკური, მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული ტექსტები. ეს განსხვავებული სიტყვაა ქართულ რეალობაში.
“ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი მიმდინარეობის ხოტბა ამა თუ იმ ჟურნალში, მაგრამ ფაქტობრივად არ გვხვდება ჟურნალი, რომელიც ამ აზრთა ომს ერთ სივრცეში გვთავაზობს. ჩვენ ვამსხვრევთ მახინჯ სისტემებს და მოვდივართ ინოვაციური ხედვებით. აზრთა სხვადასხვაობის მნიშვნელობაზე ვამახვილებთ ყურადღებას და არ გამოვდივართ ცენზორის როლში, არ ვირგებთ ჩვენს გემოვნებაზე ჟურნალში დაბეჭდილ მასალებს… ამით საზოგადოებას ვაძლევთ არჩევანის გაკეთების უფლებას. ყოველ აზრს აქვს არსებობის უფლება, რა საკვირველია, ,,აზრში” არ ვგულისხმობ ყოველ ბანალურ ფიქრს, რაც შეიძლება ადამიანს თავში მოუვიდეს; აზრი, – ეს თავის არსში მოწესრიგებული ფიქრი და გამოხატული განსჯაა. ჩვენი ჟურნალი ,,აფინაჟი” საუკუნეთა კარიბჭეებს დაამსხვრევს და ჩვენი სახელების უკვდავყოფაც გარდაუვალია. ალბათ ეს არის არსებობის საზრისი.”- აცხადებს დავით კაკაურიძე.
ჟურნალი “აფინაჟი” სამ თვეში ერთხელ გამოვა.