სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ჰიმალაიდან დაბრუნებულ მთამსვლელებს არჩილ ბადრიაშვილს, გიორგი ტეფნაძეს და ბაქარ გელაშვილს უმასპინძლა. როგორც რადიო “ძველ ქალაქს” სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა სამსახურიდან აცნობეს, პრესკონფერენცია, რომელსაც მინისტრის მოადგილეები შალვა გოგოლაძე და მუხრან შამათავა, მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე და ფედერაციის ხელმძღვანელები, ასევე პროფესიონალი და ახალბედა ალპინისტები დაესწრნენ, არჩილ ბადრიაშვილის, გიორგი ტეფნაძის და ბაქარ გელაშვილის წარმატებას მიეძღვნა.
სამეულმა ჰიმალაებში პირველი ქართული გზა ნეპალის ტერიტორიაზე მდებარე ლარკიაზე (6425მ) გაკვალა და მწვერვალიც დაიპყრო.
ქართველ მთამსვლელთა ჯგუფი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში 8 სექტემბერს ჩავიდა. მათ იქ გამოცდილი გია თორთლაძეც დაემატა, თუმცა მოგვიანებით ეს უკანასკნელი გზიდან მოტრიალდა. ბადრიაშვილმა, ტეფნაძემ და გელაშვილმა საბაზო ბანაკიდან 9-დღიანი შტურმი დაიწყეს, რომელიც 28 სექტემბერს ლარკიას დაპყრობით დაგვირგვინდა! აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მთამსვლელებმა თითქმის ერთი კვირა (6 დღე) ლარკიას 700-მეტრიან სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლის გავლას შეალიეს. საბოლოო ჯამში უმაღლესი კატეგორიის – 6A – სირთულის მწვერვალზე ქართველთა სამეულმა ფეხი შედგა და რაც მთავარია, მშვიდობით დაბრუნებაც მოახერხა.
მთამსვლელობის საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში ქართული სამეული ლარკიაზე პირველამსვლელად ჩაიწერა და მათ მიერ განვლილ მარშრუტს “ქართული გზა” ოფიციალურად ეწოდა.