კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ,
ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის დასს, ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი, კოტე აბაშიძე წარუდგინა. გიორგაძემ მესხიშვილის თეატრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი ტრადიციების თეატრში ასევე აუცილებელია წინსვლა და განვითარება. კოტე აბაშიძე კი ის ხელმძღვანელი იქნება, ვინც შეძლებს მნიშვნელოვნად სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას და სიტუაციის დალაგებას. მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ მესიშვილის თეატრში ახალ სამხატვრო ხელმძღვანელთან დასი კონსტრუქციულად ითანამშრომლებს.
თავად კოტე აბაშიძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე მისი კანდიდატურის დამტკიცებისთვის და წარდგენისთვის და აღნიშნა, რომ მიუხედავად მესხიშვილის თეატრთან მრავალწლიანი ურთიერთობისა, მისთვის ახალი ეტაპი იწყება. “ჩემი კარი ღია იქნება ყველასთვის, მე გავაგრძელებ ჩემი წინამორბედის, გიორგი სიხარულიძის ტრადიციებს და შესაძლებლობას მივცემ ახალბედა, გამოცდილ და სახელოვან რეჟისორებს დადგან სპექტაკლები”.
მსახიობმა ინგა კაკიაშვილმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევასთან დაკავშირებით: “თეატრში, ხმათა უმრავლესობით ავირჩიეთ კანიდიატი, ჩვენ გვსურდა, რომ ენდი ძიძავა ყოფილიყო სამხატვრო ხელმძღვანელი და ძალიან გულსაწყვეტია, რომ მინისტრმა არ გაითვალისწინა თეატრის გადაწყვეტილაბა. ბატონ კოტეს ჩვენთან არც ოთხ წლიანი სამოქმედო გეგმა წარუდგენია”-აღნიშნა ინგა კაკიაშვილმა. კოტე აბაშიძემ კი განაცხადა, რომ ეს არ იყო არჩევნები და ის კონკურსში, თეატრს გარეთ მონაწილეობდა. “რაც შეეხება სამოქმედო გეგმას იგი ხელმისაწვდომია ყველასთვის და ნებისმეირს შეუძლია წაიკითხოს და მოსაზრებები გამოთქვას”-აღნიშნა კოტე აბაშიძემ.
ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგენას მოგვიანებით შეუერთდა მსახიობი და სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატი ენდი ძიძავა, რომელმაც კოტე აბაშიძეს თანამდებობა მიულოცა, მინისტრს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მისი ქმედებები ამ ნაბიჯით უფრო გაბედული გადახა და განაცხადა, რომ ის, თანამოაზრეებთან ერთად ალტერნატიულ დასს შექმნის. ენდი ძიძავას განცხადებით ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგენას, პროტესტის ნიშნად არ დაესწრო რამდენიმე მსახიობი. “თქვენ ალბათ შეამჩნევდით, რომ ამ დარბაზში რამდენიმე მსახიობი არ არის. ისინი არ მოვიდნენ წარდგენაზე პროტესტის ნიშნად”-განაცხადა ენდი ძიძავამ.