ქუთაისში, თბილისის ქუჩა N79-ში არსებული საცხოვრებელი სახლის ფასადზე
ქართველი მოქანდაკის გიორგი (გოგილო) ნიკოლაძის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გახსნა. მემორიალური დაფა მოქანდაკე გიორგი დარსაველიძემ გააკეთა.
“იყო დრო, როდესაც მე და ბატონი გოგი ერთად ვაკეთებდით ქანდაკებებს, მაშინ მე დამწყები მოქანდაკე ვიყავი და ვეხმარებოდი მას. ბრწყინვალე პიროვნება იყო, იუმორის გრძნობით სავსე. მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მისგან. ძალიან შემოქმედი ადამიანი იყო,”-აცხადებს გიორგი დარსაველიძე.
გიორგი ნიკოლაძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუშაობდა ქანდაკების ყველა ჟანრში. გარდა ამისა, იყო სოციალურად აქტიური მოქალაქე. ვალერიან მიზანდარისა და მისი აქტიურობით ქუთაისში 50-იან წლებში დაფუძნდა მხატვართა კავშირი. გიორგი ნიკოლაძის ნამუშევრები დაცულია ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეასა და საქართველოს ეროვნულ გალერეაში, ასევე საქართველოს კულტურის სამინისტროს ფონდში.