დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, სახელოვან ქორეოგრაფს ვალერი მინდიაშვილს
საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენი გადასცა. ეს ჯილდო საქართველოს ქორეოგრაფიის კავშირმა ცოტა ხნის წინ მიანიჭა უხუცეს ქორეოგრაფს.
“ჩვენ დღეს ამ ადამიანის მოღვაწეობა დავაფასეთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი ძალიან ბევრს აკეთებს ჩვენი ქალაქისთვის. ქორეოგრაფიაში აქვს საკმაო წვლილი შეტანილი, იგი დღესაც ეხმარება ქორეოგრაფიულ კავშირს. მშენებლობაშიც აქვს დიდი გამოცდილება, საკმაოდ დიდი ობიექტები აქვს აშენებული და მიმაჩნია, რომ ასეთი აქტიური ადამიანები, რომლებსაც ბევრი გაუკეთებიათ ჩვენი ქალაქისთვის უნდა იყვნენ დაფასებულები,”-განაცხადა შოთა მურღულიამ.
ვალერი მინდიაშვილმა ორდენის გადაცემისთვის ქალაქის მერს და გუბერნატორს მადლობა გადაუხადა.
“ჩემთვის საოცარი დღეა, დღეს მიღებულმა ამ ჯილდომ ძალიან გამახარა”-აღნიშნა ვალერი მინდიაშვილმა.
სამახსოვრო საჩუქრები ვალერი მინდიაშვილს ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმაც გადასცა. ქორეოგრაფს წარსულში მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი. ამასთან ის საქართველოს ქორეოგრაფიის კავშირის ,,ამაგდარის” ორდენის კავალერია.