ქუთაისის მერიის თეთრ დარბაზში
ფოტოკონკურს “ილოს” ფარგლებში გამოცემული კალენდრის პრეზენტაცია გაიმართა.წლევანდელი კალენდარი ქუთაისელი ჟურნალისტისა და ფოტოგრაფის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის სოფო ბობოხიძის ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც სხვადასხვა წლებში იღებდა მონაწილეობას ფოტოკონკურსში. 2017 წლის კალენდარში სოფოს ორი ფოტონამუშევარია შესული. “კონკურსის ფარგლებში გამოვეცით კალენდარი, რომელშიც შესულია კონკურსში შემოსული ფოტოები. წელს განსაკუთრებული შემთხვევა. წლევანდელი კალენდარი მივუძღვენით სოფო ბობოხიძის ხსოვნას. რამდენიმე წლის განმავლობაში სოფო ღებულობდა ჩვენს კონკურსში მონაწილეობას. ის პრიზიორიც გახდა. ბოლო დღეებში როდესაც ვნახეთ მისი ოთახი აღმოვაჩინეთ, რომ მისთვის ამ ფოტოკონკურსს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონია. ყველას ძალიან გვტკივა სოფოს დაკარგვა და ამიტომაც გადაწყდა, რომ წლევანდელი კალენდარი მიძღვნილიყო სოფოს ხსოვნისთვის და მისი სურათები ერთი იანვრის თვის და მეორე მისი დაბადების თვის აგვისტოს, შევიდა კალენდარში”. – განაცხადა ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტმა თამთა თურმანიძემ.
კალენდრის პრეზენტაციას კონკურსში მონაწილეებიც ესწრებოდნენ. დღესვე, ფოტოგრაფმა მამუკა კაკურიძემ ფოტოკონკურსში “ილო” მოპოვებული პრიზი სოფო ბობოხიძის დედას საჩუქრად გადასცა. “ჩვენი მეგობარი, პირველ რიგში კარგი ადამიანი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, ოპერატორი გარდაიცვალა და ეს ტრაგიკულ ლაიტმოტივად მისდევს მაინც ამ ფოტოკონკურსს. სპონტანურად მოვიფიქრეთ მეობრებმა და მოხდა პრიზის გაჩუქება. წინასწარ არ იყო დაგეგმილი. ეს სიმბოლურია, ჩვენი სტუდიის და კოლეგების სახელით. ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გააჩუქო ადამიანმა იმიტომ, რომ უფალმა ყველაფერი გვაჩუქა ჩვენ”. – აღნიშნა მამუკა კაკურიძემ.
შეგახსენებთ “ილო 2016”-ის გრანპრის მფლობელი ირაკლი ბიგვავა გახდა. პირველი ადგილი გიორგი კაკიაშვილმა აიღო, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები ირაკლი შარაშიძე და პაატა ნემსიწვერიძე გახდნენ.კონკურსის მონაწილეებს დღეს სერთიფიკატები გადაეცათ.
ფოტოკონკურსი “ილო” 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება ქუთაისში. მას ორგანიზებას ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს. ფოტოკონკურსი ქუთაისელი კოლორიტის ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს, რომლის ფოტოატელიეც ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების ერთგვარი მემატიანე იყო.
2011 წლიდან ტრადიციად იქცა ფოტოკონკურსში შემოსული ნამუშევრებით, მომავალი წლის კალენდრის გამოცემა.