“ცისფერყანწელები” დღეს ქუთაისში ისევ გაცოცხლდნენ.
ლიტერტურული კომპოზიცია სპექტაკლის სახით, დღეს, ლ. მესხიშვილის პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე იხილა მაყურებელმა. ინსცენირების ავტორი, ფონდი “ცისფერყანწელთა ხსოვნისთვის” დამფუძნებელი ნინო ჩხიკვიშვილია. სპექტაკლის რეჟისორი კი გიორგი სიხარულიძე. სცენაზე მსახიობებმა ლიტერატურული ორდენის გმირები: პაოლო იაშვილი; ტიციან ტაბიძე; შალვა კარმელი; კოლაუ ნადირაძე; ნიკოლო მიწიშვილი; სერგო კლდიაშვილი; ვალერიან გაფრინდაშვილი; შალვა აფხაიძე და გიორგი ლეონიძე გააცოცხლეს. სპექტაკლი “ცისფერყანწელთა” მოღვაწეობის დაწყებიდან ტრაგიკულ დასარულამდე პერიოდით, მათივე ლექსებითა და მოგონენებებით იყო წარმოდგენილი. “სულის სიმაღლე და დიდი ტკივილი” ასე შეიძლება შეფასდეს ქუთაისიდან დაწყებული ახალი ლიტერატურული სტილის ორდენოსანთა შემოქმედება, რომელიც მაყურებლამდე მოიტანეს მსახიობებმა; გიგა მიქაძემ; სულხან გოგოლაშვილმა; ალეკო ფურცხვანიძემ; ნიკო ჯანგავაძემ; დავით გაჩეჩილაძემ; რეზი ქაროსანიძემ; გოჩა ნემსიწვერიძემ და ვახტანგ ამანათიძემ.
როგორც ლ. მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ, რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას აღნიშნა – მსახიობების თხოვნით, საიუბილეო საღამოსადმი მიძღვნილი სპექტაკლი თეატრის რეპერტუარში დაიკავებს ადგილს და ეს იქნება მეორე სპექტაკლი, რომელიც “ცისფერყანწელთა” ხსოვნას მიეძღვნა.
რამდენიმე თვის წინ, მესხიშვილის თეატრში დაიდგა ასევე ლიტერატურული სპექტაკლი “ბულბულის ნისკარტი”, რომელიც ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის ცხოვრებასა და პოეზიაზეა აგებული.
“ცისფერყანწელთა საძმო” ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური დახმარებით დაიდგა.
იხილეთ ფოტოკოლაჟი