“იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი, თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი”,
– ეს სიტყვები შოთა ნიშნიანიძეს ეკუთვნის. დღეს 17 ნოემბერია. გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წელი შესრულდა. გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, “პოეტების მეფე” და “მარტოობის ორდენის კავალერი” 1891 წლის 17 ნოემბერს დაიბადა. 1900-08 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, ხოლო 1908-10 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც სათავეში ჩაუდგა მოსწავლეთა ლიტერატურულ წრეს.
მან იმთავითვე დაიმკვიდრა “გენიალური გალაკტიონის” და “პოეტების მეფის” სახელი. “მე და ღამემ”, “მთაწმინდის მთვარემ”, “ლურჯა ცხენებმა”, “სილაჟვარდემ…”, “მერიმ” და მრავალმა სხვა ლექსმა მკითხველს წარმოუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება, სიტყვის მოქნილობა, საოცარი უნარი რიტმის, ფერის, ტონისა თუ ნახევარტონების გადმოცემისა. ეს იყო რომანტიკული სამყარო, სადაც პოეტმა მინიშნების, ნიუანსებისა და ასოციაციების საშუალებით იშვიათი უშუალობითა და სილამაზით აამეტყველა ადამიანის ყველაზე ფაქიზი განცდები.
“პოეტების მეფის” დაბადების დღე განსაკუთრებულად აღინიშნება ყოველ წელს მის მშობლიურ ვანში. სოფეკლ ჭყვიშში გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმს ამ დღეს უამრავი ადამიანი სტურობს. სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ადგილობრივები და რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრები. “გალატიონობა” ვანში წელსაც აღინიშნება. პოეტის ძეგლი გვირგვინით შეამკეს, მოეწყო პერფორმანსი გალაკტიონის ქოხში, ასევე გაიმართება კონცერტი ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში რომა რცხილაძის და მისი ბენდის მონაწილეობით.