რუსუდან გლურჯიძის ფილმის ჩვენება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართება.
21 ოქტომბერს გამართულ ჩვენებას თავად რეჟოსორიც დაეწრება. “ეს პრაქტიკულად საპრემიერო ჩვენება იქნება, რადგან ფართო მაყურებელს საქართველოში რუსუდან გლურჯიძის ფილმი ჯერ არ უნახავს. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია,” – ნათქვამია ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.
ფილმი ბევრისთვის მტკივნეულ თემას – 1990-იანი წლების საქართველოს და აფხაზეთის ომს ეხება. სიუჟეტი ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება
რუსუდან გლურჯიძის ფილმი კარლოვი ვარის კინოფესტივალის გამარჯვებული სურათია.
“სხვისი სახლი” აგრეთვე საქართველოს სახელით ოფიციალურად წარდგენილია ოსკარის სელექციაზე ნომინაციაში “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი. “სხვისი სახლი” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ფილმი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია, ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.
ფილმის ჩვენება 21 ოქტომბერს, 15:00 საათზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება.