დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, დღესდღეობით, კორონა ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, ასევე იკლებს ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელიც.
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ შესაძლოა, ქვეყანა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მალე სტაბილიზაციის ეტაპზე გადავიდეს, თუმცა ამ დროისთვის რთულია ზუსტად განისაზღვროს, როდის მოხდება ეს.
,,დადებითობის მაჩვენებელი, როგორც ვიცით, ეს არის 5%, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გავრცელების რისკები არის ნაკლები. ამდენად, როგორც კი მივუახლოვდებით უკვე ამ მაჩვენებლებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავედით სრულ სტაბილიზაციაში.
ძალიან რთულია ზუსტად ვთქვათ, რა პერიოდი დაგვჭირდება ისევ სრული სტაბილიზაციისთვის და სრული ნორმალიზაციისთვის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების. მაგრამ, სხვა ქვეყნების გამოცდილება უჩვენებს, რომ ეს იყო სწრაფი დაღმასვლა, ამდენად, მოლოდინი იმის, რომ ის უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე მოხდა დელტა შტამის შემთხვევაში ან წინა შტამების შემთხვევაში, ამდენად შესაძლებელია, ეს იყოს რამდენიმე კვირა, ჯერ უნდა მივყვეთ ეპიდემიურ ტენდენციას და შემდეგ გვექნება პასუხი,” – აცხადებს თამარ გაბუნია.
23 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 10 230 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 7 223, ხოლო გარდაიცვალა 48 ადამიანი.