სამედიცინო პერსონალისთვის იზოლაციის ვადა 5 დღემდე შემცირდა.
ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა მაკა ბულეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ომიკრონით ინფიცირების მეხუთე დღიდან პაციენტებში მდგომარეობა უმჯობესდება, შესაბამისად, მედპერსონალი ხუთი დღის შემდეგ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს, რათა კლინიკებში ექიმების დეფიციტი თავიდან აიცილონ.
„ყველაზე მეტი გამოწვევის წინაშეა სამედიცინო პერსონალი. ცხადია, თუ 5 დღის შემდეგ სამედიცინო პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ იქნება, რა თქმა უნდა, პაციენტს ვერ მოემსახურება,” – ამბობს მაკა ბულეიშვილი.
მან კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ძირითადად გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია ან ქრონიკული დაავადებებია.
10 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 22 444 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 13 245, ხოლო გარდაიცვალა 53 ადამიანი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 398 059-ს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 154 476-მდე, ხოლო დღემდე ვირუსს ჯამში 15 404 პირი ემსხვერპლა.