9 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონა ვირუსის 25 161 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ დროისთვის საქართველოში 220 000-მდე ინფიცირებულია. მათი უმეტესობა სახლში მკურნალობს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანა ახლა ვირუსის გავრცელების პიკის ფაზაშია. მისივე შეფასებით, ბოლო ორი დღის ციფრი მიუთითებს, რომ ვირუსის გავრცელებამ უკონტროლო ზრდა არ განიცადა, თუმცა დადებითობის მაჩვენებელი მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელება გრძელდება.
,,ომიკრონი” სწრაფად ვრცელდება, თუმცა ჰოსპიტალში ინფიცირებულების მხოლოდ 2.7% ხვდება. უდიდესი ნაწილი კი სახლში მკურნალობს. ჰოსპიტალური საწოლფონდი 8 ათასზე მეტია, რაც სრულად საკმარისია. დღეის მდგომარეობით, ჰოსპიტალიზირებულია 6 ათასამდე პაციენტი,’’-განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, პირველადი ჯანდაცვის ქსელში ინფიცირებული ექიმები მუშაობას დისტანციურად აგრძელებენ, რათა დეფიციტი თავიდან აიცილონ. ასევე, მისი განცხადებით, მედპერსონალის დიდი ნაწილი აცრილია, რაც იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ისინი ვირუსს სწრაფად გაუმკლავდებიან და სამუშაოს დროულად დაუბრუნდებიან.
,,აქტიურად განიხილება იზოლაციის ვადების შემცირება და შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო გამოცდილებასთან, რაც არის 5 დღე და ტესტირების საფუძველზე სამსახურში დაბრუნება. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მედპერსონალი, რომელიც უსიმპტომოა და 5 დღის შემდეგ უარყოფითი იქნება დაუბრუნდეს დროულად და არ შეიქმნას პრობლემები,’’-აცხადებს თამარ გაბუნია.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევიდან: იმერეთი – 3 730 შემთხვევა დადასტურდა.