გუშინ 24 ოქტომბერს, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 877 ადამიანი აიცრა.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 24 ოქტომბრის ვაქცინაციის მაჩვენებელი ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე დაბალია.
საქართველოში სულ ჩატარებულია 1 950 693 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 024 769 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 36.1%.
სრულად ვაქცინირებულია – 925 169, რაც მოზრდილი მოსახლეობის 32.4%-ია.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.
ვაქცინაციის რიცხვმა მკვეთრად დაიკლო ოქტომბრის დასაწყისიდან. ოქტომბერში ყველაზე მეტი, დღიურად 9000-ზე მეტი აცრა მხოლოდ ორჯერ გაკეთდა.
დანარჩენ დღეებში, სხვადასხვა დროს, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3000-დან 8000-მდე იყო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო კი საჭიროდ მიიჩნევდნენ დღეში 30 000-მდე აცრის გაკეთებას.
დღეს, 25 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი.
ამ ეტაპზე ქვეყანაში აქტიურია ვირუსის 51 ათასზე მეტი შემთხვევა.
კლინიკებში მოთავსებულია 6 ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული, აქედან მძიმედ ითვლება 1 500-მდე პაციენტის მდგომარეობა.
მედიკოსები არ გამორიცხავენ დაინფიცირებულთა რაოდენობის გასსამმაგებასაც და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ.