პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი ვარაუდობს,
რომ თუკი კორონავირუსის შემთხვევები იმ ტემპით გაიზარდა, როგორც ის დღეს არის, კლინიკებში უახლოეს პერიოდში არც ერთი თავისუფალი საწოლი აღარ იქნება. ლევან რატიანის თქმით,, მათ შორის საუნივერსიტეტო კლინიკაში უკვე 12 დღეა თავისუფალი ადგილი არ არის.
,,ეს არის მე-5 ტალღის დასაწყისი, ასეთი მაღალი ციფრით არცერთი ტალღა არ დაწყებულა. ანუ, თუ ეს ტალღის დასაწყისია როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, წარმოიდგინეთ რა იქნება პიკის ფაზაში.
თან მეორე მომენტია, უკვე იწყება სეზონური, ზედა სასუნთქი გზების ინფექციების გავრცელება. ეს ნიშნავს, რომ ორი ინფექციის გავრცელება შეიძლება მოხდეს პოპულაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ავადობის რაოდენობას ძალიან გაზრდის, ვინაიდან, შესაძლებელია, რომ ამ ორივე ვირუსით დაინფიცირდეს ადამიანი, ან იყოს ერთი როდესაც არის სეზონური გრიპი და ამ დროს იმუნური სისტემა იწყებს დაქვეითებას ამ ვირუსთან ბრძოლაში და მას, თუ ამის შემდგომ დაემატა ახალი კორონავირუსით ინფიცირება, ის უფრო დაამძიმებს ადამიანების მდგომარეობას,” – განაცხადა ლევან რატიანმა “რუსთავი 2-ის” გადაცემა “დილა მშვიდობის საქართველოში”.