დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღევანდელი დღის 21 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 25,2% სრულად ვაქცინირებულია, 33,3% კი ერთი დოზით არის აცრილი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 15 096 ადამიანი აიცრა.

დღევანდელი მონაცემებით, სულ 1 671 295 აცრაა ჩატარებული.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის შემცირებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ვითარება საგანგაშოა.

“ვაქცინაციის ტემპი ბოლო პერიოდში შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ კვირა იყო და მეტ ადამიანს ჰქონდა დრო წასულიყო ვაქცინაციაზე, ასე არ მოხდა – 7 ათასზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც არის საგანგაშო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის სტიმულირება… უფრო მეორე დოზებით მიიღწეოდა ის შედეგი, რაც გვქონდა”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გუშინ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 17 სექტემბერს მოსალოდნელ მე-5-ე ტალღაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში მე-5 ტალღა შესაძლოა ნოემბრის მეორე ნახევარში, ან დეკემბერში იყოს.

“რაც მეტი აცრილი ადამიანი დახვდება მეხუთე ტალღას, რომელიც შეიძლება ნოემბრის მეორე ნახევარში, დეკემბერში იყოს, ქვეყანაში მით უფრო იოლად და მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე ტალღას და აღარ იქნება ის ისეთი დამანგრეველი, როგორიც გვქონდა შავი აგვისტო ან როგორიც გვქონდა ნოემბერ–დეკემბერში,”- განაცხადა გამყრელიძემ

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ გვერდზე Booking.moh.gov.ge.ან ცხელ ხაზზე 1522.

ასევე მოქმედებს იმუნიზაციის ცენტრები: ქუთაისში, ხარაგაულსა და ზესტაფონში, სადაც ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშე არის შესაძლებელი.

ცენტრებში მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია ფაიზერის, სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინებით.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *