ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ იგეგმება 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების წახალისება, რათა მათ ვაქცინაციის კუთხით მეტად იაქტიურონ.
ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან რამდენიმე დაგეგმილ ღონისძიებაზეც ისაუბრა, რამაც მოქალაქეებს აცრის მოტივაცია უნდა აუმაღლოს.
“განვიხილავთ რამდენიმე მეთოდს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმების ჩართულობა და ამ პერიოდის მანძილზე სულ უფრო და უფრო ფართოვდება არეალი, სადაც ოჯახის ექიმი ერთვება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც დაშვებას ვაკეთებთ, რომ 60 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის რთული იყოს გადაადგილება, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ა.შ. ამ კუთხით ოჯახის ექიმებს დაევალებათ თავიანთ უბნებზე გაატარონ საინფორმაციო ღონისძიებები.
ასევე, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვმსჯელობთ სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებაზე, რომელიც შეიძლება ჩვენი პენსიონერი მოქალაქეებისთვის მოტივატორი გახდეს. ასევე, რაიონულ და რეგიონულ დონეზე გვაქვს კომუნიკაცია, თუ რა შეიძება იყოს ეფექტიანი სწორედ იმ კუთხის საჭიროებებიდან გამომდინარე”, – განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებეთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია ორშაბათიდან, 13 სექტემბრიდან დაიწყება.
“ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 800 000 ლარს. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში წლის ბოლომდე. ყოველდღიური გათამაშების გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშებაც. ცხადია, იქნება სხვადახვა საპრიზო ფონდებიც. 100 და 500 ლარი გათამაშდება ყოველდღიურად, ყოველკვირეულად გათამაშდება 1 000, 1 500, 5 000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს იქნება და მისი საპრიზო ფონდი იქნება 100 000 ლარი”, — განაცხადა გიორგი ღიბრაძემ 7 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, ლატარიის კომპანია შემთხვევით შერჩევითობის პრინციპით გამოავლენს გამარჯვებულებს და შესაბამისად შეატყობინებს მათ, ლოტოტრონის პრინციპით კი საბოლოო გათამაშება იქნება.ლატარიის გათამაშებები გაიმართება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge ყოველდღე 12 საათზე, ხოლო ყოველკვირეული — ორშაბათს, ყოველდღიური ლოტოს გათამაშების დასრულებისთანავე, შემაჯამებელი გადაცემა 31 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაიმართება.