კორონავირუსით ინფიცირებულთა მართვის პროცესში სამედიცინო
ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსების გადამზადებული სტუდენტები და მოხალისე ექიმები ერთვებიან. წერეთლის უნივერსიტეტიდან კოვიდ 19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად მოსამზადებელ კურსს დიპლომირებული მედიკოსების მოსამზადებელი პროგრამის მე-4, მე-5 და მე-6 კურსის სტუდენტები შეუერთდებიან. ამ დროისთვის უნივერსიტეტში გადამზადების კურსი 150-მდე სტუდენტმა გაიარა, ხოლო უნივერსიტეტიდან რეგისტრირებულია 50-მდე მოხალისე.
როგორც უნივერსიტეტში განაცხადეს, სტუდენტები მომზადებას განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ვიდეო ლექციებისა და ასევე აწსუ-ს მიერ შექმნილი კურსით გადიან. საკითხები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობა, პაციენტების ნაკადის მართვა ჰიბრიდულ და კოვიდცენტრებში, კოვიდინფექციის მძიმე შემთხვევების მართვა და სხვა. პროგრამა მოიცავს პრაქტიკული კურსსაც, სადაც სტუდენტებს ასწავლიან უსაფრთხოების ნორმებს.
ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც აღნიშნულ კურსში ჩაერთო, ნაზი მაჩიტაძეა. ნაზი სამკურნალოს მე-4 კურსის სტუდენტია. დაინტერესებულია ანესთეზია-რეანიმატოლოგობით და არ გამორიცხავს, რომ სწორედ ეს გახდეს მისი მომავალი პროფესია.
“თეორიული მოსამზადებელი კურსის ფარგლებში არა ერთი საინტერესო და ამასთანავე აუცილებელი ლექცია ჩაგვიტარდა და გვიტარდება. ამ ლექციებს უძღვებიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული კოვიდ 19 ის ეპიდემიასთან ბრძოლაში. აქამდე ჩატარებული ლექციებიდან მივიღეთ ინფორმაცია ზოგადად ჩვენს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ, ასევე როგორ უმკლავდებიან კლინიკები ამ სიტუაციას, რა გამოწვევების წინაშე დგანან კოვიდ კლინიკის სტრუქტურა, როგორ ხდება კოვიდ კლინიკებში პაციენტთა ნაკადების მართვა, ასევე მოგვაწოდეს ინფორმაცია თუ როგორ მიმდინარეობა ახასიათებს კოვიდ 19, რა სიმპტომები გვხდება ძირითადად. ასევე საინტერესო აღმოჩნდა ლექცია, თუ როგორ ხდება კოვიდ ინფიცირებული მძიმე პაციენტების მართვა. გარდა ამისა, როგორც ვიცით, კიდევ არის რამდენიმე ლექცია ჩანიშნული და გარდა თეორიულისა, ეს გადამზადების კურსი გულისხმობს პრაქტიკულ ნაწილსაც, რომელსაც უშუალოდ ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გავივლით. როგორც გვითხრეს, ადგილზე ვისწავლით როგორ ჩავიცვათ და გავიხადოთ სწორად სპეციალური ტანსაცმელი, რათა თავიდან ავიცილოთ დაინფიცირება და მაქსიმალურად უსაფრთხოდ ვიყოთ,”-ამბობს ნაზი მაჩიტაძე.