წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის სკოლაში ერთ-ერთ პედაგოგს
კოვიდ 19 დაუდასტურდა. წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელის მამუკა ჩხეტიანის ინფორმაციით, პედაგოგმა გუშინ ვირუსზე ტესტი ჩაიტარა, რამაც დადებითი პასუხი აჩვენა. მისივე განმარტებით, ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და შედეგებს ელოდებიან.
რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია და 100-მდე მოსწავლე და 24 პედაგოგი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
“გუშინ თავი შეუძლოდ იგრძნო პედაგოგმა. გაიკეთა პირველადი ტესტი, გადაიყვანეს ცხელების ცენტრში და დაუდასტურდა ვირუსი. ახლა ლუგარის ლაბორატორიის შედეგებს ველოდებით. ამის გამო სკოლაში სწავლა შევწყვიტეთ. გავაფრთხილეთ ყველა მშობელი და პედაგოგი. ყველანი ამ დროისათვის არიან თვითიზოლაციაში და ეპიდემიოლოგების დანარჩენ მითითებებს ველოდებით. როდესაც გვეტყვიან, ყველა ჩაიტარებს ტესტირებას,”-განაცხადა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მამუკა ჩხეტიანმა.
ჩხეტიანის ინფორმაციით, პედაგოგი არ იმყოფებოდა რისკ ჯგუფში შემავალ აჭარასა და ლეჩხუმში.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობლის თქმით, მათ ვირუსის შესახებ ინფორმაცია კლასის დამრიგებელმა მიაწოდა და სთხოვა მოსწავლეები სკოლაში არ გამოეშვათ. მისივე განცხადებით, სკოლაში პედაგოგების უმეტესობა ქალაქიდან დადის და ამ მიზეზით სასწავლო პროცესი აღნიშნულ სკოლაშიც უნდა შეწყვეტილიყო.
“დილით დაგვირეკა დამრიგებელმა და გვითხრა, რომ ვირუსი ხელოვნების მასწავლებელს დაუდასტურდა. თქვა, რომ სახლებში დარჩნენ და ეპიდემიოლოგები ანალიზებს აგვიღებენ. გავაპროტესტე, რომ მასწავლებლების 80% ქალაქიდან დადის. თუ არ შეიძლებიოდა, რომ ქალაქის სკოლებში დაწყებულიყო სწავლა, ეს ორი კვირა შეჩერებულიყო ჩვენთანაც და ამ უბედურებას ავცდებოდით,”-ამბობს მშობელი.