მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის
განცხადებით, თეატრები და კინოთეატრები მუშაობას სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში ვეღარ განაახლებენ. მეზვრიშვილი განმარტავს, რომ გადაწყვეტილება გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო იქნა მიღებული. მისივე განცხადებით, აღნიშნული დაწესებულებები მუშაობას 1-ლი ნოემბრიდან გააგრძელებენ.
“ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, შესაბამისად, უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ცალკეული შეზღუდვების დაწესების და კონკრეტული რეგულაციების გამკაცრების, რომლებიც ხვალიდან შევა ძალაში. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ თეატრებთან და კინოთეატრებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქება. აღნიშნული ობიექტები უნდა გახსნილიყო ნაწილი 15 სექტემბრიდან, ნაწილი 1-ლი ოქტომბრიდან. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მათი გახსნა გადაიდო ერთი თვით. შესაბამისად, კინოთეატრები და თეატრები, ბავშვთა გასართობი ცენტრები გაიხსნება 1-ლი ნოემბრიდან,”-განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა.